„ავსტრიის ციხეში ყოველი მესამე პატიმარი ქართველი იყო“ – სოზარ სუბარი ,,კრიმინალის ექსპორტზე“

2852

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს სოზარ სუბარს ნაკლებ სავარაუდოდ მიაჩნია, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს რაიმე პრობლემა შეექმნას. ,,პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში სოზარ სუბარი  აღნიშნავს, რომ  ემიგრანტების რიცხვის, ან საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამო, ვიზალიბერალიზაციის ეჭვქვეშ დაყენება ნაკლებად სავარაუდოა.

,, თუმცა გარკვეული ზომები ნამდვილად მისაღებია და ამაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. როცა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოს მოქალაქეების მიერ კრიმინალის ზრდაზე საუბრობს, ცხადია, ამის უკან დგას გარკვეული ინფორმაცია, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ხმაური, რომელიც ამ თემაზე დასავლურ პრესაშია ატეხილი, დიდწილად რუსეთის მიერ არის ინსპირირებული. რა თქმა უნდა, პრესაში ატეხილი აჟიოტაჟი პოლიტიკოსების განცხადებაზეც ახდენს გავლენას. რუსული პროპაგანდა დასავლეთში ძალიან არის გაძლიერებული და ეს სიახლეს არ წარმოადგენს. რუსული რბილი ძალისთვის მარტივია, რომ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ნებისმიერ მცდელობას ანტიპიარით უპასუხონ. ძალიან უხერხულია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებები, რომ თითქოს ჩვენი ხელისუფლების დროს მოხდა კრიმინალის ექსპორტი ევროპაში. თუ ამაში საკუთარ ძებნილ თანაპარტიელებს გულისხმობენ, მეც დავეთანხმები, თუმცა აქვე პირობას ვაძლევ მათ, რომ საბოლოოდ ყველა მათგანი დაბრუნდება და წარდგება ქართული მართლმსაჯულების წინაშე, იქნება ეს სააკაშვილი, მეგის ქარდავა, კოხტა კოდუა, ადეიშვილი თუ სხვ. ამით კრიმინალის ექსპორტიც დამთავრდება. სასაცილოა საუბარი იმაზე, როდის უფრო მეტ დანაშაულს სჩადიოდნენ საქართველოს მოქალაქეები. მხოლოდ 2006 წელს ავსტრიის ციხეებში სასჯელს იხდიდა საქართველოს 2600 მოქალაქე, ანუ ყოველი მესამე პატიმარი იყო ქართველი. მადლობა ღმერთს, დღეს ასეთ რეკორდებს აღარ ვხსნით.“ -აცხადებს სოზარ სუბარი ,,პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში.

წყარო: http://primetime.ge