“აღმოაჩინე საქართველო” – თამარ არველაძის ახალი პროექტი ესპანეთის სამეფოში

604

საქართველოს ახალგაზრდა ელჩის და ქართველი სტუდენტების ორგანიზებით მადრიდში, IE უნივერსიტეტში, ქვეყნის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, გაიმართა ღონისძიება “აღმოაჩინე საქართველო”. ღონისძიება აერთიანებდა სხვადასხვა სახის ინფორმატიულ გამოფენასა და შემეცნებით აქტივობებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო როგორც საქართველოს მრავალფეროვანი ლანდშაპტებისა და რეგიონების, ასევე სხვადასხვა საუკუნის ქართული ნაციონალური კოსტუმების ფოტოები და ვიდეოები. გამოფენა მოიცავდა ქართული უნიკალური ანბანის სამი სახეობის ექსპოზიციას, მნიშვნელოვანი ფაქტების კუთხეს და საჭირო ინსტრუქციას პოტენციური ტურისტებისთვის. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა გასართობ-შემეცნებითი აქტივობები: კონკურსი – “დაწერე საკუთარი სახელი ქართულად” და ონლაინ თამაში – Kahoot. ონლაინ თამაში მოიცავდა ღონისძიებისთვის სპეციალურად შექმნილ კითხვარს საქართველოს შესახებ; მონაწილეთა მიზანი მოკლე დროში რაც შეიძლება ბევრი კითხვისთვის პასუხის სწორად გაცემა იყო. კონკურსის ყველა მონაწილეს საქართველოს შესახებ National Geographic-ის სპეციალური გამოცემის ჟურნალი გადაეცა, ხუთ გამარჯვებულს კი ქართული ღვინო და ქართულ-ესპანური ლექსიკონი. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ხაჭაპური და სხვა ქართული კერძები ნათქვამია ესპანეთის ახალგაზრდა ელჩის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

 ესპანეთში ახალგაზრდა ელჩის თამარ არველაძის განცხადებით:,,ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიების “აღმოაჩინე საქართველო” მთავარი მიზანი იყო, რომ გამოფენიდან გამოსულ თითოეულ დამთვალიერებელში გამოეწვია ემოციური კავშირი საქართველოსთან, როგორც აღფრთოვანება და დაინტერესება, ასევე აღშფოთება იმ სამწუხარო ფაქტის შესახებ, რომ მათთვის ახლად აღმოჩენილი უძველესი ისტორიის და განსაკუთრებული მნიშვნელობის ქვეყანა დღემდე ოკუპაციის წინააღმდეგ, საკუთარი დამოუკიდებლობისთვის იბრძვის. გამოფენამ შეძლო იმ ადამიანების სასიამოვნოდ გაკვირვება, ვინც ნაკლებად იცნობდა საქართველოს გამოფენის ნახვამდე, ბევრმა სტუმარმა კი საქართველოში მოგზაურობა, ენის შესწავლა და ჩვენი კულტურის უფრო ახლოს გაცნობა გადაწყვიტა.” 

ავტორი ლიკა ჯანელიძე