ახალი ვარაუდით საქართველოდან 2002 წლიდან 2018 წლამდე დაახლოებით 1.4 მილიონი ადამიანი უცხოეთში წავიდა

461

საქართველოში სამუშაო ძალის კლების ტენდენცია შეინიშნება. ამის შესახებ “საზოგადოება და ბანკების“ კვლევაშია აღნიშნული.

კვლევის მიხედვით, სამუშაო ძალის კლების მიზეზად დაბალი შობადობის მაჩვენებელი, მიგრაცია და მოსახლეობის დაბერების მაჩვენებლის ზრდა სახელდება.

“კვლევის მიხედვით, შობადობა 1995-2002 წლებში ყოველწლიურად საშუალოდ 3%-ით მცირდებოდა, რამაც დღეისათვის შეამცირა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც ჩართული უნდა ყოფილიყო ეკონომიკურ საქმიანობაში.

ყოველწლიურად იზრდება ემიგრანტთა რაოდენობა. 2002 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, ქვეყნიდან გასულია დაახლოებით 1.4 მილიონი ადამიანი, რომელთა დაახლოებით 20% ფლობს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დიპლომს, ხასიათდება მაღალი ადამიანური რესურსით, არის შრომისუნარიანი და შეეძლო საკუთარი წვლილი შეეტანა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში.

აღსანიშნავია მოსახლეობის დაბერების ტენდენციაც. 2010-2017 წლებში 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში ყოველწლიურად საშუალოდ 0.4%-ით იზრდებოდა და 2017 წლის მდგომარეობით – 14.6% შეადგინა. მაშინ როდესაც ანალოგიური მაჩვენებელი მსოფლიოსთვის საშუალოდ 8.7%-ია,“-აღნიშნულია კვლევაში.

როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, მსგავსი მონაცემების მიხედვით,  ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო შენელდება და  ასეთი ტენდენციები მწვავე დემოგრაფიულ პრობლემებს გამოიწვევს. ამის თავიდან ასაცილებლად კი,  აუცილებელია შეიქმნას სამუშაო ადგილები, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება საერთაშორისო ასპარეზე. ასევე, აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს მაღალპროდუქტიულ სექტორებზე და აუცილებლად უნდა წახალისდეს სასწავლებლად წასული ახალგაზრდების ქვეყანაში დაბრუნება.  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი კი არსებული განათლების სისტემის გაუმჯობესებაა.