გაერო-ს გლობალურ მიგრაციულ პაქტს საქართველოც შეუერთდა

251

გაერო-ს გლობალურ მიგრაციულ პაქტს საქართველოც შეუერთდა. ამის შესახებ პირველ არხს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უსაფრთხო, მოწესრიგებული და რეგულირებადი მიგრაციის შესახებ მსოფლიო პაქტი მარაქეშში გაერო-ს კონფერენციაზე 164-მა სახელმწიფომ გუშინ დაამტკიცა.

34-გვერდიანი შეთანხმება მიგრაციისადმი ერთობლივ მიდგომას ადგენს და ლტოლვილთა ნაკადის მართვისა და მათი უფლებების განსასაზღვრად 23 პუნქტს მოიცავს.

როგორც გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა აღნიშნა, გლობალური მიგრაციული პაქტი იურიდიულად სავალდებულო არ არის. მისი თქმით, დოკუმენტის მიღება აუცილებელია მიგრანტებთან ურთიერთობაში ერთიანი მინიმალური სტანდარტების დასადგენად.

დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიაში მარაქეშში გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც მონაწილეობდა. მისი განცხადებით, გაერო-ს პაქტი ღიად უცხადებს ბრძოლას არალეგალურ მიგრაციას და არალეგალთა უკანონო ტრანსპორტირებას.

გაერო-ს გლობალური მიგრაციული პაქტის ხელმოწერაზე უარი განაცხადეს აშშ-მა, ავსტრალიამ, ავსტრიამ, ლატვიამ, ჩეხეთმა, უნგრეთმა, პოლონეთმა, სლოვაკეთმა, ჩილემ, დომინიკელთა რესპუბლიკამ. რამდენიმე ქვეყანას კი ჯერჯერობით არ აქვს გადაწყვეტილი, შეუერთდეს თუ არა მიგრაციულ შეთანხმებას, მათ შორის არიან: ბულგარეთი, სლოვენია, ესტონეთი, იტალია, შვეიცარია და ისრაელი.