,,გაიცანი ქართველები” – მადლენა ნარმანიას ქართულ-ჰოლანდიური პორტრეტი

635

რუბრიკა ,,გაიცანი ქართველები” ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს ინიცირებული პროექტია და გვაცნობს ამ ქვეყანაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, პროექტის მხარდაჭერის და თანამშრომლობის სურვილი ჩვენი პორტალის DIASPORA.GE-ს  რედ.კოლეგიას მისი გაცნობისთანავე გაგავიჩნდა, რასაც დადებითად შეხვდა ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოც , რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებთ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ნიდერლანდების სამეფოში ბ-ნ კონსტანტინე სურგულაძეს. 

  დღეს რუბრიკა „გაიცანი ქართველები“ ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრებ მადლენა ნარმანიას გაგაცნობთ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი ჰოლანდიაში ოჯახის შექმნის შემდეგ მოხვდა. ჰოლანდიაში მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს. საქართველოში ძალიან აქტიური ცხოვრების შემდეგ აქ ახალი ცხოვრების დაწყება რა თქმა უნდა არ იყო ადვილი.საქართველოში ოთხი-ხუთი წლის შემდეგ ოჯახთან ერთად ახალი ბიზნეს გეგმით და ახალი იდეებით დაბრუნებას გეგმავს.

საქმიანობის სფერო:
თბილისში სახელმწიფო უნივერსიტეტში და კავკასიის უნივერსიტეტში ვმუშაობდი
ლექტორად. პარალელურად ჩემი მეუღლე საქართველოში ხელმძღვანელობდა კომპანიას
„Dutch Design Garden”-ი, სადაც მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით ვმუშაობდი.
კომპანიის დამფუძნებელი ჰოლანდიელი არქიტექტორი იყო. ასევე, ივომ (მეუღლემ)
დააფუძნა ძაღლების თავშესაფარი საქართველოში, რომლის მშენებლობაშიც აქტიურად
ვიყავი ჩართული.
გზა საქართველოდან ნიდერლანდების სამეფომდე:
მეუღლე საერთო მეგობრის დახმარებით გავიცანი. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს
ჰოლანდიის საელჩოს თავისი მოქალაქეების საქართველოდან ევაკუაცია ჰქონდა
გამოცხადებული. ივომ დამირეკა და მითხრა, რომ მე საქართველოდან წასვლას არ ვაპირებო,
ვინაიდან აქ ძალიან კარგი მეგობრები შევიძინე და აქ ხარ შენო. მან გადაწყვიტა ჩვენ გვერდით
მდგარიყო საქართველოსათვის მძიმე წუთებში. ასე დაიპყრო ჩემი გული ჰოლანდიელმა კაცმა.

საქართველოში ძალიან აქტიური ცხოვრება მქონდა და მერე უცბად გავხდი დიასახლისი
ჰოლანდიაში. არ იყო ადვილი რა თქმა უნდა, მაგრამ ვინაიდან ბავშვებისთვის
არაჩვეულებრივი გარემოა შევეჩვიე ასე რომ ვთქვათ. ქართველისთვის აქაური პირობების
შეგუება უფრო ადვილია, ვიდრე ჰოლანდიელისთვის საქართველოში ადაპტაცია. ვინაიდან
ივომ უკვე კარგად იცოდა ქართული ადათ-წესები, არ გამჭირვებია აქ ცხოვრების დაწყება.
ორივე კულტურიდან ვცდილობთ საუკეთესოს აღებას.
ძალიან მალე კვლავ დავუბრუნდები სამასწავლებლო კარიერას. დიპლომის ევალუაცია გავაკეთებინე ჰოლანდიაში და დავიწყებ სამსახურის ძებნას უნივერსიტეტებში.

საქართველო არის:
მე ასე მარტივად ვუპასუხებდი ამ კითხვას, რომ საქართველო ჩემი სამშობლოა და არა მარტო
ჩემთვის, ივოსთვისაც კი სამშობლო გახდა.
საქართველოში დავბრუნდები, როცა ან საქართველოში დავბრუნდებოდი, თუ: ჩვენ სერიოზულად ვფიქრობთ საქართველოში დაბრუნებას. ივო ძალიან აქტიურად მუშაობს ბიზნეს  გეგმაზე და ალბათ, ოთხ-ხუთ წელიწადში გამზადებული ბიზნეს გეგმით წავალთ საქართველოში ისევ.

მენატრება: მშობლები, მეგობრები, ყველაფერი… იქაურობა ასე რომ ვთქვათ.
რას ვისურვებდი: მე ვარ აფხაზეთიდან და რამდენად შაბლონურიც არ უნდა იყოს ჩემი
პასუხი, სურვილია საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის აღდგენა. UNICEF-მა
ჰოლანდია დაასახელა იმ სამ ქვეყანას შორის, სადაც ყველაზე ბედნიერი ბავშვები ცხოვრობენ.
ჩემი სურვილია, რომ საქართველოშიც ასეთი ბედნიერი და ლაღი ბავშვები ცხოვრობდნენ.
მინდა, ისეთი ქვეყანა გვქონდეს, რომ ყველა ბავშვს ბედნიერების საშუალება ჰქონდეს.