გერმანიის მთავრობა ქართველი არალეგალი მიგრანტების სამშობლოში დაბრუნების პრაქტიკას სამაგალითოდ აფასებს

1640

გერმანული ტელეკომპანია „მითელდოიჩერ რუნდფუნკმა“ საქართველოს შესახებ სიუჟეტი მოამზადა, რომელიც საქართველოსა და გერმანიას შორის რეადმისიის საკითხში არსებულ  თანამშრომლობას ეხებოდა.

  სიუჟეტში საუბარია, რომ ევროპაში მიგრაციის კრიზისის ფონზე, საქართველო იმის თვალსაჩინო მაგალითია, თუ როგორ შეიძლება მოქმედებდეს ლტოლვილთა წარმოშობის ქვეყანასთან გაფორმებული რეადმისიის ხელშეკრულება. ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ გერმანიის უწყებები სწრაფად ღებულობენ ამა თუ იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ხოლო ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა რეადმისია, რომელთაც უარი ეთქვათ თავშესაფარზე, სულ რამდენიმე დღეში ხორციელდება ქართველი პოლიციელების მიერ.

გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი მარიან ვენდტი, გერმანულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოს შემთხვევა ავსტრიასთან, იტალიასთან, ბულგარეთთან, საბერძნეთთან თანამშრომლობის ნიმუშად შეიძლება გამოდგეს, რათა ამ ქვეყნებმაც მიიღონ შესაბამისი ზომები. თუმცა, სიუჟეტის ავტორები აცხადებენ, რომ ეს ადვილი არ იქნება და დასტურად უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ურბანის ბერლინში ვიზიტისას გაკეთებული განცხადება მოჰყავთ, რომლის მიხედვითაც უნგრეთი გერმანიიდან იმ ლტოლვილებსაც კი არ დაიბრუნებდა, რომლებიც თავდაპირველად უნგრეთში იქნებოდნენ რეგისტრირებულნი. ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ერთობლივ კონფერენციაზე გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ამ საკითხთან დაკავშირებით გაღიზიანებული ჩანდა და ძირითად ევროპულ ღირებულებებზე, მათ შორის – ჰუმანურობაზე, მიუთითებდა.

აღნიშნული სიუჟეტი გერმანული ტელეკომპანიის ეთერში 5 ივლისს გავიდა და ის კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს მთავრობის, კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უვიზო რეჟიმის პირობებში გატარებულ წარმატებულ ღონისძიებებს.

სიუჟეტის სრულად ნახვა შესაძლებელია ბმულზე : https://www.mdr.de/mediathek/fernsehen/video-210748_zc-7748e51b_zs-1638fa4e.html