გიგი გიგიაძე​ – ​​ვიზალიბერალიზაცია არის ყველაზე ხელშესახები შედეგი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აახლოებს ევროპასთან

625

​ვიზალიბერალიზაცია არის ცალსახად ყველაზე ხელშესახები შედეგი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ფიზიკურად აახლოებს ევროპასთან, ევროპულ ღირებულებებთან და ევროპულ ოჯახში საქართველოს თანმიმდევრული ინტეგრაციის პროცესს შეუქცევადს ხდის, – ამის შესახებ პირველ არხს დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიგი გიგიაძემ განუცხადა.

„საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან, შენგენის ხელშეკრულების წევრ ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ეს არის ცალსახად ყველაზე ხელშესახები შედეგი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ფიზიკურად აახლოებს ევროპასთან, ევროპულ ღირებულებებთან და ევროპულ ოჯახში საქართველოს თანმიმდევრული ინტეგრაციის პროცესს შეუქცევადს ხდის. როგორც იცით, საქართველომ სრულიად უნიკალური და ძალიან წარმატებული გზა განვლო ამ შედეგის მისაღწევად. ზუსტად ერთი წლის წინ მიღებული გადაწყვეტილებით ევროკავშირმა ერთმნიშვნელოვნად აღიარა საქართველოს ძალისხმევა და დადებითად შეაფასა ქვეყნის მიერ განხორციელებული მოცულობითი რეფორმები“, – განაცხადა გიგიაძემ.

კითხვაზე, რა არის საჭირო იმისათვის, რომ პრობლემა არ შეექმნას თავისუფალ მიმოსვლას, გიგიაძემ განაცხადა, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე ყურადღებით უნდა იყოს, რათა არ გადააჭარბოს შენგენის ზონაში დარჩენის პერიოდს.

„უპირველეს ყოვლისა, ამისთვის აუცილებელია ზედმიწევნით დავიცვათ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციით გათვალისწინებული პირობები, ვინაიდან ეს თავისუფლება ამავე დროს გულისხმობს ძალიან დიდ პასუხისმგებლობასაც. ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ არ გადავაჭარბოთ შენგენის ზონაში დარჩენის განსაზღვრულ პერიოდს – 90 დღეს 180 დღის განმავლობაში. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ასევე არ ითვალისწინებს ევროკავშირში დასაქმებას, ან აკადემიური, ხანგრძლივი სწავლის დაწყებას. შესაბამისად, თითოეული ჩვენგანი მაქსიმალურად უნდა გაუფრთხილდეს ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს“, – აღნიშნა დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა​.

გიგი გიგიაძის განცხადებით, დანიასა და ისლანდიაში საქართველოსადმი ინტერესი განუხრელად იზრდება. მისივე თქმით, საქართველოს საელჩოს წელს კოპენჰაგენსა და ორჰუსში ​სამეცნიერო და კულტურული ღონისძიებები აქვს დაგეგმილი.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია საქართველოს წარმოვადგენდე დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში. ის ფაქტი, რომ სკანდინავიის ორივე ქვეყანა ცალსახად მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, მნიშვნელოვნად მეხმარება მუშაობის დროს. ცხადია, საქართველოს საელჩოს ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება და ადგილსამყოფელ ქვეყნებში ქართული კულტურის მაქსიმალურად წარმოჩენა. დანია და ისლანდია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ახალი და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას, ალტერნატიული, განახლებადი ენერგიის წყაროების დანერგვას და ენერგოეფექტურობის ამაღლებას, რაც, ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის ძალიან აქტუალურია. სინამდვილეში ჩვენს ქვეყნებს შორის ბევრი მსგავსებაა. საქართველოს საელჩოს საკმაოდ მრავალფეროვანი და ამბიციური დღის წესრიგი აქვს, იმის გათვალისწინებით, რომ წელს საქართველო აღნიშნავს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების მეასე წლისთავს. კოპენჰაგენსა და დანიის სიდიდით მეორე ქალაქ ორჰუსში დაგეგმილი გვაქვს სამეცნიერო და კულტურული ღონისძიებები. მოხარული ვარ, რომ სკანდინავიის ორივე ქვეყანაში საქართველოსადმი ინტერესი განუხრელად იზრდება, რისი ნათელი მაგალითიცაა ბოლო წლების განმავლობაში დანიელი და ისლანდიელი ტურისტების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა“, – განაცხადა გიგი გიგიაძემ.

გიგი გიგიაძე 2014-2016 წლებში ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) მთავარი მომლაპარაკებელი იყო.

 1tv.ge