გიორგი გახარია ლევან დადუნაშვილის მამას და მის ადვოკატს შეხვდა

522

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამას და მის ადვოკატს შეხვდა.

შეხვედრას, სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარიაც, ესწრებოდა. 

 დადუნაშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ დავით დადუნაშვილს თვითონ ჰქონდა სურვილი, შეხვედროდა შინაგან საქმეთა მინისტრს და მიეღო პასუხები იმ კითხვებზე, რაც ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ გაუჩნდა.

როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე მათ მიიღეს პასუხი იმაზე, რომ ორი მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება – ერთი არის მოწმეზე ზემოქმედების ნაწილში და მეორე – შეუტყობინებლობის ნაწილში. 

„როგორც გვითხრეს, ამ საქმეების გამოძიება გაერთიანდება. გადაიკითხებიან მოწმეები, რომლებიც იყვნენ შემთხვევის თვითმხილველები და უახლოეს პერიოდში რაღაც გარკვეულ შედეგებს უნდა ველოდეთ. მართალია, ლევან დადუნაშვილის ნაწილში განაჩენი დადგა და მსჯავრდებული გამოვლენილია, თუმცა, დავით დადუნაშვილის სურვილია, თანადგომა გამოუცხადოს ზაზა სარალიძეს და მისი შვილის მკვლელების გამოვლენის მიზნით იგივე მოქმედებები განახორციელოს, რასაც განახორციელებდა თავისი შვილის მკვლელის დასადგენად,“ – განაცხადა ხათუნა მაღლაკელიძემ.