დავით ბაქრაძე : ჩვენ არ ვართ ევროპისა და აზიის საზღვარზე, ჩვენ ვართ ევროპა

383

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ბაქრაძემ ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოს ორგანიზებით გამართულ კონფერენციაში – „ნაცრისფერი ზონების წაშლა“ მიიღო მონაწილეობა, რომელიც მიეძღვნა სამი ასოცირებული ქვეყნის – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებს, იმ გამოწვევებს რომლის წინაშეც ეს ქვეყნები დგანან, მათ შორის რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესებისა და კრემლის აგრესიული პოლიტიკის გათვალისწინებით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძემ. დისკუსიისას, რომელიც რეგიონში ტრანსატლანტიკურ პოლიტიკას მიეძღვნა ელჩმა ისაუბრა საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ასევე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და რუსეთის ფედერაციის დესტრუქციულ პოლიტიკაზე, რაც ეწინააღმდეგება რეგიონში მშვიდობას და განვითარებას.

„ჩვენ ვაფასებთ მშვიდობასა და სტაბილურობას, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩვენ არ ვართ ევროპისა და აზიის საზღვარზე, ჩვენ ვართ ევროპა. ჩვენი მენტალიტეტი, კულტურა, ფასეულობები, მსოფლმხედველობა და მისწრაფებები ევროპულია. შესაბამისად, ჩვენი სწრაფვა მიმართულია ევროპისკენ და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, რაც ამავდროულად არ ნიშნავს ვინმეს წინააღმდეგ წასვლას. პირიქით, განვითარებული და სტაბილური საქართველო ყველა მეზობლის ინტერესებში უნდა შედიოდეს, მათ შორის რუსეთის. თუმცა რუსეთი უარს აცხადებს საქართველოსთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩაბმაზე, რასაც აფიქსირებს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატშიც. ვითარება მძიმეა ოკუპირებულ რეგიონებშიც, სადაც მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა რამდენჯერმე, სუფევს მძიმე ჰუმანიტარული ვითარება, ოჯახები და სასოფლო-სამეურნეო მიწები გაყოფილია მავთულხლართებით, ადგილი აქვს ხალხის გატაცებასა და მკვლელობას“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ელჩმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევისა და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე.

ელჩმა საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას აშშ-ს მნიშვნელოვან როლს, როგორც რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის, ასევე საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პროცესში. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს და აღნიშნა აშშ-ის, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე პოლიტიკური სპექტრის მტკიცე მხარდაჭერა ამ გზაზე.