დავით ზალკალიანის აზრით მონპელიეში მყოფი ადამიანების გაჭირვებით მანიპულირებას პოლიტიკური ძალა ცდილობს.

1134
 დავით ზალკალიანის აზრით მონპელიეში მყოფი ადამიანების გაჭირვებით მანიპულირებას პოლიტიკური ძალა ცდილობს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.

„თავშესაფრის მიღებასთან დაკავშირებით, საქართველოსთან მიმართებაში აბსოლუტურად მიუღებელი იყო იმ ფორმით ინფორმაციის გავრცელება, რა ფორმითაც გაჟღერდა, მათ შორის ოპონენტების მხრიდან, რომ საქართველო თითქოს ამას იმიტომ აკეთებს, რომ იქიდან მოხდეს ჩვენი მოქალაქეების დეპორტირება. ეს ჩვენთვის ყოვლად მიუღებელი ფორმულირებაა. ჩვენი უმთავრესი მონაპოვარი გახლავთ ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილება. თითოეული ჩვენთაგანის, ჩემი, როგორც მთავრობის წევრის, უმთავრესი ამოცანაა ჩვენ ეს მონაპოვარი შევინარჩუნოთ. ამას აქვს უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა. მე ყველაფერს გავაკეთებ, ისე როგორც მთავრობის თითოეული წევრი, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის ეს მნიშვნელოვანი მონაპოვარი იყოს შენარჩუნებული. ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები იდგმება. მოგეხსენებათ, 13-მდე გაიზარდა იმ სახალმწიფოების რიცხვი, ვინც საქართველო გამოაცხადა უსაფრთხო ქვეყნად. რაც იმას ნიშნავს, რომ ის მოქალაქეები, რომლებიც თავშესაფრის მოთხოვნით მიმართავს მათ, არ იქნება დაკმაყოფილებული. ყველას ვთხოვ, ამას განსაკუთრებული გულისყურით მოეკიდოს. მესმის იმ ადამიანების, ვინც მონპელიეში არიან ჩასულები, ითხოვენ თავშესაფარს, გაჭირვებულები არიან, მაგრამ ზოგიერთი პოლიტიკური ძალა და ოპონენტები ცდილობს მათი გაჭირვებით მანიპულირებას. საკონსულოები ყველგან 24 საათიან რეჟიმზე არიან გადასულები, მაგრამ მინდა ერთი ნიუანსი იცოდეთ, რომ ადამიანი, რომელიც სხვა ქვეყანას მიმართავს თავშესაფრის მოთხოვნით, ის წყვეტს ურთიერთობას თავის ქვეყანასთან. ნებაყოფლობით აცხადებენ უარს საკონსულო სამსახურის თანამშრომლებთან ურთიერთობაზე. მიუხედავად ამისა, ჩვენი თანამშრომლები მათთან მუდმივ კონტაქტზე არიან და უხსნიან, რა მძიმე შედეგების მომტანი შეიძლება იყოს მათი ეს ქმედება. ამიტომ ყველას მოვუწოდებ ამას გაგებით მოეკიდოს. ჩვენ აქტიურად რეჟიმში ვმუშაობთ როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ დონეზე, რომ ახალი ინიციატივები იყოს გაჟღერებული, რომ მოხდეს პრევენცია თავშესაფრის მაძიებელთა ზრდასთან დაკავშირებით. აქ მოგებული და წაგებული არ იქნება, ქვეყანა დაზარალდება, თუ შეჩერების მექანიზმი ამოქმედდა. ყველას, ოპონენტებსაც მოვუწოდებ, რომ ვითანამშრომლოთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ კომუნიკაცია ადამიანებთან, რომლებიც შეცდომაში არიან შეყვანილები”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.