დიასპორასთან დაკავშირებული სახელმწიფო უწყება კიდევ ერთ სამინისტროში გაჩნდება

433

საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან ერთად გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში ქართულ დიასპორასთან შეხვედრისას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ის სიახლე ამცნო, რომელიც ახლო მომავალში სამინისტროში იგეგმება. მინისტრის თქმით, უცხოეთში მყოფი ქართველები ქვეყნის ყველაზე დიდი გულშემატკივრები არიან და სწორედ მათთვის სამინისტროში დიასპორის სამმართველო შეიქმნება:

„დისპორასთან მეტი კომუნიკაციისთვის სამინისტროში დიასპორის სამმართველო შეიქმნება, რომელიც თქვენთან მუდმივ კომუნიკაციაში იქნება და უწყვეტ რეჟიმში მიიღებს ინფორმაციას თქვენს საჭიროებებზე“ – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მინისტრი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს დაპირდა, რომ ისინი უზრუნველყოფილი იქნებიან სახელმძღვანელოებით, გაიხსნება კულტურული ცენტრები, სადაც გაზიარებული იქნება მათი მოსაზრებები და შენიშვნები. ამასთანავე გაძლიერდება დისტანციური სწავლება. თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად გაძლიერდება ელექტრონული რესურსები.