დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც კრძალავს მიგრანტების ოჯახის წევრთა დაშორებას საზღვარზე.

159

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც კრძალავს მიგრანტების ოჯახის წევრთა დაშორებას საზღვარზე. სავარაუდოდ, საზღვრის არალეგალურად გადაკვეთის გამო დაკავებული მშობლები შესაბამის დაწესებულებაში შვილებთან ერთად იქნებიან.

„ჩვენი ქვეყნისთვის უსაფრთხოება გვინდა. ამავდროულად კოპრომისზე მივდივართ, რადგან არ გვინდა ოჯახის წევრები ერთმანეთს დავაშოროთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. 

ბოლო პერიოდში, აშშ-მექსიკის საზღვრის გადაკვეთისას სამეურვეო ორგანოებს 2000-ზე მეტი ბავშვი გადაეცა. ფაქტმა უფლებადამცველებისა და ამერიკელი პოლიტიკოსების მწვავე კრიტიკა გამოიწვია. დღესვე გახდა ცნობილი, რომ ამ მოვლენის ამსახველმა ერთ-ერთმა ფოტომ 8 მილიონზე მეტი დოლარის შეგროვება შეძლო.  მანამდე, დონალდ ტრამპის ნულოვანი ტოლერანტობის” პოლიტიკა არალეგალი მიგრანტების წინააღმდეგ, პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმაც გააკრიტიკა. „ძნელია იმის ყურება, როგორ აშორებენ არალეგალ ბავშვებს მშობლებს და ოჯახებს“- განაცხადა მელანია ტრამპმა და აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს უფრო წარმატებული საიმიგრაციო პოლიტიკა სჭირდება.

აშშ-მექსიკის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მიმართ „ნულოვანი ტოლერანტობა“ მაისში აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა ჯეფ სეშენსმა გამოაცხადა.