ევროპაში ქართველი მიგრანტების მდგომარეობის გართულება მთავრობის წევრების ვიზიტებს არ უკავშირდება – აცხადებს ვლადიმერ კონსტანტინიდი

547

მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ ევროპაში მთავრობის წარმომადგენლების, ან პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ ქართველ მიგრანტთა მდგომარეობის გართულება ხდება, არის ხელოვნურად გავრცელებული, გაუგებარი ნარატვი,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობას საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში ყავს შეყვანილი, რაც ნიშნავს, რომ ევროკავშირი საქართველოში ადამიანის უფლებების ძირითადი სტანდარტის დაცულობას აღიარებს.

„ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი ნარატივი. ევროპის ქვეყნების უმეტესობას საქართველო აღიარებული ჰყავს უსაფრთხო ქვეყნად, რაც ნიშნავს, რომ ევროკავშირი აღიარებს საქართველოში დემოკრატიას. არც ერთი სახელმწიფო და მითუმეტეს ევროკავშირის წევრი ქვეყნები, არანაირ ინფორმაციას გადამოწმების, დეტალური განხილვისა და მსჯელობის გარეშე ცნობად არ იღებენ. მათ აქვთ საელჩოები, საკონსულოები და წარმომადგენლობები, სადაც ეცნობიან საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევებს და მხოლოდ ამის შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას შეიყვანონ თუ არა ქვეყანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში,“-განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

საგარეო საქმეთა წარმომადგენლის განცხადებით, ევროპაში მიგრაციის კუთხით არის დიდი გამოწვევები, რაც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებიდან მიგრანტთა ნაკადის მატებასთან არის დაკავშირებული.