ევროპიდან საუბრობენ უკვე იმაზე,რომ ჩვენი მოქალაქეები−ზოგიერთი მათგანი ბოროტად იყენებენ უვიზო მიმოსვლის მექანიზმს-განაცხადა თეა წულუკიანმა

236

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ევროკომისიის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე სიმონ მორდუს შეხვდა და ვიზალიბერალიზაციის პროცესის შენარჩუნების შესახებ ისაუბრა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, თეა წულუკიანმა სიმონ მორდუს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, თუ რას აკეთებს საქართველოს მთავრობა უკანონო მიგრაციის შესამცირებლად. “დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად ვიმუშაოთ ერთობლივად უვიზო რეჟიმის შენარჩუნებისათვის, რომელსაც ბოლო დროს განსაკუთრებული სიძნელეები შეექმნა. ეს არის რეალობა და ჩვენი პარტნიორები ევროპიდან საუბრობენ უკვე იმაზე, რომ ჩვენი მოქალაქეები −  ზოგიერთი მათგანი − ბოროტად იყენებენ უვიზო მიმოსვლის მექანიზმს და გარკვეული ცვლილებები იქნება საჭირო, რათა უვიზო რეჟიმით ისარგებლონ მათ, ვინც კეთილსინდისიერად მიემგზავრება შენგენის სივრცეში და ვინც შემდგომ ბრუნდება”, – განაცხადა წულუკიანმა და დასძინა, რომ “ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ საქართველოს ახალგაზრდა
თაობას უვიზო მიმოსვლა შევუნარჩუნოთ”.