ემიგრანტებო მალე აიყვანეთ ადვოკატები, კომპანია ,,სვეტი” მალე მეორე „ცენტრ-პოინტი” გახდება

2717

კომპანია „სვეტი”, შესაძლოა, მეორე „ცენტრ-პოინტი” გახდეს. დაზარალებული მობინადრეები ამბობენ, რომ პრობლემის მოგვარების იმედს არავინ იძლევა. როგორც გაზეთი „რეზონანსი” წერს, ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით უკვე 65 მენაშენე შიმშილობს. დაზარალებულთა რაოდენობა რამდენიმე ასეულია. აქედან 200 ადამიანი ჭყონდიდელის ქუჩაზე მე-13 და მე-14 ბლოკის მობინადრეა. უმეტესობა ემიგრანტია, რომლებმაც სიმწრით ნაშოვნი ფული “სვეტს” ანდეს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ მოხდეს სამშენებლო კომპანიის დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა. როგორც თბილისის მერის მოადგილე აცხადებს, კომპანია „სვეტმა” რამდენიმე გაჩერებულ მშენებლობაზე უკვე შემოიტანა ნებართვაზე განაცხადი და პროცედურა დაწყებულია.

„ჩვენ ნახაზების დონეზე შესწორება შევიტანეთ ისე, რომ არ დაზარალდეს არც კომპანია და არც მოსახლეობა, რაც უფრო უსაფრთხოს გახდის მშენებლობას”, – აღნიშნა ელოშვილმა. როგორ განვითარდება “სვეტის” ირგვლივ მოვლენები, ჯერ გაურკვეველია. ამას კარგად ხვდებიან ის ადამიანები, რომლებსაც თანხა გადახდილი აქვთ დაუსრულებელ კორპუსებში. ამიტომ ისინი უკან დახევას არ აპირებენ. მენაშენეებმა გუშინ დეველოპერული კომპანიის ოფისში მისვლამდე პროკურატურასთან გამართეს აქცია და კომპანიის წინააღმდეგ დანაშაულის გამოვლენა, მათი დასჯა და კუთვნილი თანხის დაბრუნება მოითხოვეს.
დეველოპერული კომპანიის ერთ-ერთი მობინადრე ნინი ბაკაშვილი მოითხოვს, რომ მშენებლობა უმოკლეს ვადაში გაგრძელდეს. როგორც მან „რეზონანსს” განუცხადა, უკვე 65 ადამიანი შიმშილობს და მათ კიდევ შეიძლება შეუერთდნენ.
„2017 წლის თებერვალში უნდა ჩამბარებოდა ბინა, დამეწყო რემონტი, მაგრამ დღესაც გარეთ ვარ. ბინის ღირებულების თითქმის 80% მაქვს შეტანილი. რომელ ბინადრობაზეა საუბარი, როცა მშენებლობა შეჩერებულია. კომპანიის მხრიდან არც ერთხელ არ ყოფილა განცხადება, რაც შეიძლება ხელჩასაჭიდი აღმოჩნდეს. ნებართვის მისაღებად “სვეტს” მერიისთვის დოკუმენტაციის წარდგენა უწევს. თითქოს სამზადისში არიან, მაგრამ რეალურად ერთი ნაბიჯითაც ვერ მიიწევენ წინ. 9-სართულიანი კორპუსი უნდა აშენებულიყო და დღეს 3 სართულამდეც არ არის მშენებლობა მისული. არანაირი ბინა არ მაქვს, სიტყვითაც კი არ გვაიმედებენ, რომ მშენებლობა გაგრძელდება ან თანხა უკან დაგვიბრუნდება”, – ამბობს დაზარალებული.მისი ინფორმცაიით, კომპანიის მომხმარებლების უმეტესობა ემიგრანტია, რომლებსაც მთელი თანხა გადახდილი აქვთ. „ჩვენი პროექტი გათვლილი იყო ემიგრანტებისთვის, უპროცენტო შიდა განვადება შემოგვთავაზეს, რაც მიმზიდველი წინადადება იყო, ამით მიგვიტყუეს. გარდა ამისა, პატრიარქის კურთხევით მიმდინარეობდა მშენებლობა და ამის გამო უფრო ვენდე, მაგრამ სასტიკად მოვტყუვდი. ძალიან ბევრმა თანხა პირად ანგარიშზე ჩაურიცხა. პირდაპირ მათ ჯიბეში ჩავდეთ ეს ფული და ცარიელი დავრჩით.ბრძოლას გავაგრძელებთ, გუშინ ფინანსურ პოლიციაში 4-მა მოწმემ ჩვენება მისცა, დღეს კიდევ 2 აპირებს. საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, რისთვისაც საზოგადოების, პირველ რიგში კი, მედიის მხარდაჭერის იმედი გვაქვს”, – ამბობს ბაკაშვილი.

სპეციალისტების შეფასებით, დიდია რისკი რომ „სვეტი” მეორე „ცენტრ-პოინტი” გახდეს. ისინი შიშობენ, რომ პრობლემის მოგვარება „სვეტს” გაუჭირდება, თუკი მერია რამე განსაკუთრებულ შეღავათს არ დაუწესებს. სამართლის დოქტორი უჩა ზაქაშვილი არ გამორიცხავს, რომ კომპანიის აქტივები გაიყიდოს. „სვეტი” საკმაოდ დიდი პრობლემის წინაშეა, რაც ადვილად მოსაგვარებელი არაა. უნებართვო მშენებლობებია, რასაც, პირველ რიგში, სამართლებრივი საკითხის მოგვარება სჭირდება. „სვეტისთვის” ეს ადვილი არ არის. მხოლოდ ჯარიმის გადახდა მშენებლობის ნებართვის მისაღებად არასაკმარისია, პირველ რიგში, აუცილებელია სამშენებლო კოეფიციენტებთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება, რაც გამკაცრებული რეგულაციის გამო ძნელად გადასაჭრელია. ამ ყველაფრის შემდეგ “სვეტმა” უნდა მოიძიოს ინვესტიციები, რაც დამატებითი პრობლემაა მისთვის. არარსებული ქონების რეალიზაცია წარმოუდგენელია, ამიტომ ერთადერთი გამოსავალია, რომ “სვეტი” რომელიმე მსხვილმა, მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიამ შეიძინოს ან სახელმწიფომ ძალიან დიდი შეღავათი გაუწიოს მას, რაც ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში დაეხმარება. საბოლოო ჯამში, მოხდება ისე, რომ „სვეტი” „ცენტრ-პოინტის” ბედს გაიზიარებს, ეს რისკი რეალურად არსებობს”, – აცხადებს ზაქაშვილი.

მარი ჩიტაია
გაზეთი „რეზონანსი”