ემიგრანტის წყევლა და ანტიკური რომის ვიწრო ტუნელში მიშას მიერ შობილი მთავარი დაპირება ემიგრანტებისთვის

4958
 საქართველოს მესამე პრეზიდენტი ცხოვრების აღმა-დაღმა სვლამ ემიგრანტებზე მანამდე ვერ დააფიქრა, სანამ თავად არ გახდა ემიგრანტი და მისი მმართველობის დროს წამოსული ემიგრანტების წყევლამ არ უწია – ,,შემსავით გინდოდეს შენც სახლში წასვლა და ვერ მიდიოდეო!” ეს წლობით ,,პროცენტიანების” ხდაში ასი ათასობით ემიგრანტის გულიდან წამოსული გულისსავე ტკივილი – რომ აუხდა ამაზე თავადაც აღარ დავობს, მაგრამ ფიქრი და ემიგრანტობის ტკივილი მაინც ჯერ კიდევ ვერ გაიზიარა სათანადოდ და ალბათ წყევლა კაი ხანი ჯერ კიდევ არ მოეხსნება.
  დავიწყოთ იმით რომ ემიგრანტად ქცეულმა სამშობლოში სხვათაშორის ბრალდებულმა ექს-პრეზიდენტმა სამშობლოში დაბრუნება მისი ჯერ კიდევ არაემიგრანტული აზროვნებით სასურველი სლოგან-ორგანიზაციით ,,ერთად სახლში” დაფუძნებით გადაწყვიტა და ალბათ იფიქრა მილიონ ნახევარი ემიგრანტის გულის 10%-ს მაინც მოვიგებო და თან საბანკო ანგარიშის ნომერიც მიაყოლა,რომ გაწევრიანდებით იქ გასაგზავნიდან მორჩენილი აქაც ჩარიცხეთო , თუმცა ცნობილი კაზანტიპელის შარლ…გიორგი სიგუას მიერ ანგარიშის რამდენჯერმე დაუჯერებელი შემოწმებების შემდგომ, თავადაც რომ დარწმუნდა ნული არა და არ ემატებოდა და ასე მთავარ მიზანს ვერ მიაღწევდა სხვა გზას დაადგა, სხვა გზას დაადგა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და მიხეილ სააკაშვილი რის მიშაა და ნავსის გატეხვა ახლა აბობოქრებულ ტალღებზე ამხედრებულმა გადაწყვიტა, ოღონდ ტალღები მისი წარმოდგენით ამჯერად თავად ემიგრანტებივე უნდა ყოფილიყვნენ (ისევ ზევიდან მოუნდა ჯდომა -ხასიათი ხომ ,,ემიგრანტობის ტვირთმაც” ვერ შეუცვალა მიშას) და ოკეანის გაღმიდან პირდაპირ წვიმიან და უჟმურამინდიან ბელგიურ ლიეჟში არარსებული ემიგრაციული ტალღების გადასაფარად, რომელსაც საქართველოში უნდა გადაესროლა ექს-პრეზიდენტი სკამებზე გადაფარებული ხუთჯვიანი დროშის წინ აღმოჩნდა, თავიდან ალბათ ისიც ვერ იჯერებდა რომ ამხელა დროშის ქვეშ ,,ემიგრაციული გეიზერი” არ გაიღვიძებდა და სიტყვა რაც შეეძლო აგრძელა,თუმცა უშედეგოდ და სანამ გარედან ,,წიწაკის გაზის” სურნელმა არ მოუღიტინა, რომელიც ძველი დროის გასახსენებლად ქონდათ შემონახული საახალწლო გოზინაყივით, მანამდე დარბაზს არ ტოვებდა,თუმცა ეს დატოვება კი არა უფრო მიტოვება გამოუვიდა როცა მიხვდა რომ ლიეჟის ტალღა მაქსიმუმ ანტიკური რომის მიწისქვეშა ვიწრო ტუნელამდე თუ მიაღწევინებდა, იმ იმედით რომ იქ მაინც იტყოდა მისი აზრით საკუთარი ახალი მიგნების შესახებ სათქმელს…
  და აჰაა, აღსრულდა გლადიატორთა ლეგენდარული კიდევ ერთი გამოძახილი სახლთან მოახლოებისა და ერთ-ერთი რომაული სასტუმროს ხვრელ ოთახად წოდებულში და როგორც იქნა შვა იდეა.  ,,ინოვაცია ემიგრანტებისთვის – ნანატრი დაპირება” , პირველად როგორც იქნა ახსნა რა უნდოდა – თქვა მთავარი სათქმელი ემიგრანტებისადმი რომელსაც მისი აზრით ასე და ამდენი ათეული წლები ასე ელოდებოდნენ ისინი, რომელიც პრეზიდენტ-ყოფილის ამდენი ფიქრის და გონებრივი წვრთნის და ღწვის შემდგომ იშვა მიშას მიერ რომის სასტუმროს ტუნელში ოთხმოცი ქალის და ამდენივე ნაციონალური მოძრაობის მამრი აქტივისტის (სხვები არ შეუშვეს ალბათ ახალშობილ ,,ინოვაციურ იდეას” თვალი რომ არ სცემოდა) თანდასწრებით : ,,მაქვს აიფონი, ჩემ ოჯახის წევრებსაც კი არ დავანახებ, გავედი გვერდზე, მივეცი ხმა !”- განაცხადა ამაყად მიშამ.
  ვერ მიხვდით ხომ ემიგრანტებო?! 
კარგით,მოდით უფრო ჩავწვდეთ და კარგად გავაანალიზოთ და მარტივად მიხვდებით,მაგრამ მთავარია მანამდე დაიჯეროთ რომ ეს ისაა რასაც ამდენი წელი ელოდით და ამის შესახებ არავინ გეუბნებოდათ , დიახ სამშობლოდან გადმოხვეწილო ემიგრანტებო – ეს არის ელექტრონული არჩევნების კონცეფცია!
 ანუ ახლა ეს მიშას სიტყვებით როგორ გამოითქმის :,,მაქვს აიფონი, ჩემ ოჯახის წევრებსაც კი არ დავანახებ, გავედი გვერდზე, მივეცი ხმა. გამომიგზავნეთ ახლა, ხახვსაც ავიღებ და კართოფილსაც შევიწვავ, მაგრამ ხმას მაინც სამზარეულოდან მივცემ და აზრი აღარ აქვს იმის გამოგზავნას მერე… ისინი რას აკეთებენ, ეუბნებიან, რომ ფეისბუქსაც გაგიკონტროლებთ, ტელეფონსაც გაგიკონტროლებ. ეს ტექნოლოგია ბლოკ ჩეინის მაგას გამორიცხავს. საკონსულოებში კი არ იაროთ და ეხვეწოთ და აღრიცხვაზე დამაყენეთ და მატარებლის ბილეთი აიღოთ და 8 საათის მანძილზე იაროთ. სამსახურში აიღეთ 3 წუთი შესვენება ოთხშაბათს როცა არის მაგალითად კენჭისყრა, ან კვირას თუ მუშაობთ. გახვედით გვერდზე დარჩით საკუთარ თავთან მარტო და ეს არის კაბინა საარჩევნო და მიიღეთ თქვენი ქვეყნის ბედის გადაწყვეტილებაში მონაწილეობა.”
 დიახ, ქალბატონო და ბატონო ემიგრანტებო,სწორად გაიგეთ მართალია ერთად სახლში წასვლა არ გამოდის, მაგრამ ანტიკური რომის სასტუმროს ტუნელში მიშამ, როგორც იქნა მოახერხა და ამდენი ,,წვალების” შემდგომ შვა იდეა და მთავარი დაპირება თქვენთვის – ემიგრანტებისთვის! 
ანუ მართალია თქვენ ისევ მარტო რჩებით, მაგრამ განსხვავებული მარტო დარჩენა გელოდებათ წინ მიშას ახალი დაპირებით, წარმოიდგინეთ აღარც კი გიწევთ დამღლელი სამუშაოს გაცდენა ან დასვენების აღების თხოვნა არჩევნების მომიზეზებით , მიშა გპირდებათ რომ ეს საჭირო აღარ იქნება , თქვენ ისევ ისე დაალაგებთ და გაწმინდავთ სხვის სახლებს, ისევ ისე მოუვლით მოხუცებს, ისევ ისე ითამაშებთ სხვის შვილებთან როგორც უწინ – თქვენ უბრალოდ მოგიწევთ რამდენიმე წუთით მოწყდეთ ამ რუტინას, გაიხსენოთ არჩევნების დღეს საქართველო სულ მცირე ხნით დრო იხელთოთ ისე რომ ვერც კი დაგინახონ, მოიმარჯვოთ თქვენი აიფონი დააა …. თქვენი ხმა დაფიქსირებულია ! – და განაგრძოთ წმენდა, დასუფთავება, თამაში, კეთება ….
და მუდამ გახსოვდეთ ემიგრანტებო რომ 2019 წლის 3 მარტს, ანტიკური რომის სასტუმროს ვიწრო ტუნელში პრეზიდენტ-ყოფილმა ერთად სახლში შეკრებილების წინ შვა მთავარი დაპირება ემიგრანტებისთვის !
ავტორი: ავთანდილ გიუნაშვილი.
ათენი. საბერძნეთი. 4 მარტი 2019 წ.