ესპანეთის სამეფოში დაარსებული ქართული სავანე

2227

ესპანეთის სამეფოში, ქალაქ ბარსელონაში წმიდა ნინოს სახელობის ქართულენოვან სამრევლოსთან  სრულიად საქართველოს კათალიკოს- პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის და  დასავლეთ ევროპის ექსარხიის ხელმძღვანელის, მიტროპოლიტის აბრაამ გარმელიას ლოცვა-კურთხევით,  სულიერების, განათლებისა და კულტურის ცენტრი არსებობს, სადაც ფუნქციონირებს – წმიდა გრიგოლ ფერაძის სახელობის სამრევლო და წმიდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის ქართული საკვირაო სკოლა.

ცენტრში მუსიკალური სტუდია ,,გამა” და საესტრადო სიმღერისა და ფორტეპიანოს კლასიც მოქმედებს მაია გუბელაძის ხელმძღვანელობით, ქალბატონ მაიასვე ავალია სიმღერის ანსამბლ “ბეთანიას” თავკაცობაც. რაც შეეხება ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლ ,,იბერიონი” -ს მას ანა ლობჟანიძე უძღვება, ხოლო ქართული ხალხური ცეკვის სტუდია ,,ქართველო”-ს  გიორგი ზირაქაშვილი. ბარსელონაში ქართულ დიასპორულ ცენტრში სწორად მეტყველებას, სასცენო და სამსახიობო ხელოვნებაც შეისწავლიან დემნა ამაღლობელის მეცადინეობით. ირაკლი დევდარიანი კი ქართული მრავალხმიანი გალობისა და ქართული ხალხური სიმღერის შესწავლას უდგას სათავეში სამშობლოდან შორს პირინეის ნახევარკუნძულზე, რომელიც  ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლ “ჯორჯიან ფოლკით” არაერთ უცხოელს ქართული ფოლკლორის სიდიადეს აცნობს. ხატვის წრეს –  მხატვარი ეკატერინე სიხარულიძე  უდგას სათავეში.

 სულიერების, განათლებისა და კულტურის ცენტრი არქიმანდრიტ ლუკა ფალავანდიშვილის დიდ გარჯით და მრავალი წლის დაუღალავი შრომით, ქართული დიასპორული ორგანიზაციების “წმიდა გიორგის სახელობის ქართული მართმადიდებლური ასოციაციის” და “კატალონიაში ქართული სათვისტომო” ერთობით ფუნქციონირებს და ერთად კრებს უცხო მიწაზე ქართველ თანამემამულეებს.