ჩემი ოჯახი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ემიგრაციაშია

468

თუ ეკა ბესელია დატოვებს საპარლამენტო მანდატს, მეც დღესვე გადავდგები, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ზარდიაშვილსა და ბესელიას შორის დაპირისპირება მოსამართლეთა შერჩევასა და მათი უვადოდ დანიშვნის საკითხს მოჰყვა.

ეკა ბესელია ზარდიაშვილს სასამართლოში არსებული კლანის ლობირებაში დაადანაშაულა.

დაპირისპირება ანრი ოხანაშვილის გამოსვლით დაიწყო. ოხანაშვილი გედევან ფოფხაძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პროცესზე მნიშვნელოვანია პოლიტიკური ინტერესები გვერდზე გადაიწიოს. ფოფხაძემ საპასუხოდ  სასამართლო „კლანის“ მფარველობაში დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი დაანადაშაულა. ვანო ზარდიაშვილის განცხადებით ყველა  განცხადება, რაც მასზე და მისი ოჯახის წევრებზე კეთდება, სიმართლეს არ შეესაბამება და გედევან ფოფხაძეს კონკრეტული ფაქტებით საუბრისკენ მოუწოდა, რაც შემდგომ პოლიტიკურ კამათში გადაიზარდა.

„15 წელი ვმუშაობ სისტემაში და პატიოსნად ვემსახურები ჩემ ქვეყანას. რა სასამართლო „კლანზე“ და რა გარიგებებზე საუბრობთ, როცა ჩემი ოჯახი, შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ემიგრაციაშია“, –  განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.