ვინ იყვნენ შვეიცარიაში დაკრძალული ნიკოლოზ და ზურაბ ჩხოტუები

425

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ აფხაზური არისტოკრატიული გვარის წარმომადგენლები ნიკოლოზ და ზურაბ ჩხოტუები ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასახლდნენ სადაც დიდი ხნის განმავლობაში  ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ. სიცოცხლის ბოლო წლები მათ შვეიცარიაში გაატარეს. დაკრძალულნი არიან: ნიკოლოზ ჩხოტუა – ქ. ჟენევა, Communa Bardonnex – Commanderie de Compeieres; ზურაბ ჩხოტუა – ქ. ლოზანა, Prilly, Vaud, Cimetiere communal Chretien.

ნიკოლოზ (ნიკი) ჩხოტუა წლების განმავლობაში ჩამდგარი იყო მალტის ორდენის დიპლომატიურ სამსახურში. ის, ოჯახთან ერთად, სან-ფრანცისკოში ცხოვრობდა და, როგორც მალტის ორდენის ელჩმა, საელჩოები დააარსა კოსტა-რიკაში, ბრაზილიაში, მექსიკაში, ჩილეში, პერუსა და ესპანეთში. ნიკოლოზ ჩხოტუას დიდი მეგობრობა აკავშირებდა ცნობილ ქართველ ემიგრანტებთან – გრიგოლ რობაქიძესთან და ირაკლი ბაგრატიონთან, ესპანეთის მეფის ხუან კარლოსის ოჯახთან და იმ დროის სხვა ცნობილ ადამიანებთან.

ნიკოლოზ (ნიკი) ჩხოტუას 1984 წელს, სიკვდილის წინ, ოჯ­ახ­ისთვის ანდერძად დაუბარებია – სხეული თუ არა, გული მაინც მიაბარეთ მშობლიურ მიწასო. მოგვიანებით, მისი უფროსი ვაჟის, ზურაბ ჩხოტუას თხოვნას ჟენევაში საბჭ­ოთა კავშირის გენერალურ საკონსულოსადმი – დახ­მარება აღმოეჩინათ მამის გულის საქართველოში გადასვენებაში, შედეგი არ გამოუღია, უფრო მეტიც – ის პასუხ­ის ღირსადაც არ ჩათვალეს. ამიტომ, დიდი ხ­ნის ლოდინის შემდეგ, 1987 წელს, ნიკო ლორთქიფანიძის მინიატურა „გულის“ მსგავსად, ნოსტალგიითა და სამშობლოს ნახ­ვის ნატვრით დაფერფლილი ჩხოტუას გული დაწვეს. ერთ წლის შემდეგ კი, თბილისში ტურისტად ჩამოსულმა ზურაბის მეუღლემ, მარიეტამ და ოჯ­ახ­ის მეგობარმა – ოლგა ფონ დენმა, ურნა ნიკის დაფერფლილი გული თბილისელ ნათესავებთან ერთად ვერის სასაფლაოზე, წმიდა პანტელეიმონ მკურნალის ეკლესიასთან ერთ საფლავში, დედისა და დის გვერდით ქართულ მიწას მიაბარეს, ხოლო პანაშვიდი სიონის ტაძარში გადაუხ­ადეს.

რაც შეეხება ზურაბ ჩხოტუა გასული საუკუნის 50-იან წლებში ასრულებდა ამერიკის შეერთებულ შტატებში დამოუკიდებელი საქართველოს საფრანგეთში მყოფი დევნილი მთავრობის არაოფიციალური წარმომადგენლის ფუნქციას. მან უდიდესი წვლილი შეიტანა რადიოსადგურ „თავისუფლების” ქართული რედაქციის დაარსებაში. ხელი შეუწყო იმას, რომ საქართველოს საკუთარი ადგილი ჰქონოდა ამერიკული მთავრობის ეგიდით შექმნილ „თავისუფალი ევროპის კომიტეტში”. ზურაბ ჩხოტუა, ცივი ომის პირველივე წლებიდან იდგა საქართველოს პოლიტიკურ ემიგრანტთა ამერიკის სახელისუფლებო წრეებთან დაახლოება-თანამშრომლობის საწყისებთან. პირადად იცნობდა აშშ-ის იმ დროის სახელმწიფო მდივანს დინ აჩისონს და ამერიკული პოლიტიკური ელიტის სხვა თვალსაჩინო წარმომადგენლებს.