ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით მონპელიეში მყოფ მოქალაქეებს თავშესაფრის მიღების შესახებ არასწორი ინფორმაცია ქონდათ

286

„მონპელიეში ჩვენი წარმომადგენელი ჩავიდა და მოინახულა ეს ადამიანები, დაათვალიერა მათი საცხოვრებელი პირობები. მოხდა ინფორმაციის გაცვლა. მათ მიეწოდათ კვალიფიციური ინფორმაცია კითხვებზე, მათ შორის თავშესაფრის მაძიებლობის შესახებ განცხადებაზე და იმ პერსპექტივებსა და რისკებზე, რასთანაც ეს პროცესია დაკავშირებული. სამწუხაროდ, ბევრმა მოქალაქემ არ იცოდა და სტერეოტიპული წარმოდგენებით ხელმძღვანელობდა, როდესაც საფრანგეთის ხელისუფლებას მიმართავდა” – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა​ საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების თემის კომენტირებისას აღნიშნა.

ბევრი მათგანი აცხადებს, რომ ეკონომიკური პრობლემების გამო და სოციალური ხასიათის წინაპირობების გამო იყვნენ საფრანგეთში. ბუნებრივია, როდესაც პოლიტიკურ თავშესაფრის მოთხოვნა განიხილება, ეს მიზეზები არ შეიძლება გახდეს მათთვის რაიმე სტატუსის მინიჭების პირდაპირი საფუძველი. იქ დაახლოებით 21 კარავია, სადაც 100-მდე ჩვენი მოქალაქეა განთავსებული. მათ ადგილობრივ პრეფექტურაში პოლიტიკურ თავშესაფარზე მოთხოვნა აქვთ შეტანილი და გადაწყვეტილების მიღებას ელოდებიან. ვისი განაცხადიც დაკმაყოფილდება, ბუნებრივია, დარჩება და გარკვეულ სტატუსს მიიღებს. ამას გარკვეული პროცედურები სჭირდება. ვისი განაცხადიც არ დაკმაყოფილდება, მათ საფრანგეთის ხელისუფლება მისცემს მითითებას, დატოვონ ქვეყანა“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

მან საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, ყურადღებით გაეცნონ მოცემულობას და შესაბამისად იმოქმედონ. უწყებაში აცხადებენ, რომ უშუალოდ საფრანგეთის ხელისუფლებას გასულ წელს თავშესაფრის მოთხოვნით საქართველოდან ხუთი ათასჯერ მიმართეს, აქედან კი დადებითად მხოლოდ 290 მიმართვა დაკმაყოფილდა.