ზვიად კვაჭანტირაძემ „დიასპორული ფორუმის“ ორგანიზების შესახებ საკუთარი ხედვა აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებს გააცნო

400

საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძემ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ნინუასთან და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერობის დეპარტამენტის დირექტორ რატი ბრეგვაძესთან  სამუშაო შეხვედრაზე  ძირითადად, კომიტეტის ბოლო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების რეალიზაციის საკითხებზე ისაუბრა, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება „დიასპორული ფორუმის“ ორგანიზების და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან მჭიდრო კავშირების დამყარების საკითხებს.

სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის თავმჯდომარეს გააცნეს ინფორმაცია სამინისტროს გეგმებისა და მიზნების შესახებ როგორც „დიასპორულ ფორუმთან“, ასევე ყველა იმ პროექტსა და ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომლებიც დიასპორასთან ურთიერთობის კუთხით დაგეგმილია სამინისტროს 2019 წლის სამოქმედო გეგმით. შეხვედრაზე განიხილეს რამდენიმე პროექტი და მათი განხორციელების კონკრეტულ ნაბიჯებზეც ჩამოყალიბდნენ.

შეხვედრის შემდგომ ზვიად კვაჭანტირაძის მიერ გაკეთებული განცხადებით: „დიასპორული ფორუმი“ საინტერესო და მრავლისმომცველი პროექტია. იგი მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების გაღრმავებას, ქართული დიასპორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობას, დიასპორული ორგანიზაციების მხარდასაჭერად ეფექტური გზების ძიებას და დიასპორასთან ურთიერთობების პოლიტიკის საკითხებზე დისკუსიას. ამდენად, ჩვენი მიზანია, რომ ყოველწლიურად გაიზარდოს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა, კერძოდ ემიგრაციის წარმომადგენლების და ასევე უცხოეთში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების „დიასპორულ ფორუმში“ ჩართულობა და წარმომადგენლობა“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ ზვიად კვაჭანტირაძემ.