ზვიად კვაჭანტირაძემ ემიგრანტების დასაქმების საკითხზე დიასპორის კომიტეტის ხედვა სანია ჩელებიც ლუკოვაკს გააცნო

1240

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ზვიად კვაჭანტირაძემ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელთან, სანია ჩელებიც ლუკოვაკთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მოქალაქეთა შრომითი მიგრაციისა და ლეგალური მიგრაციის საკითხებზე, არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის მექანიზმებზე, რომელთა განხილვასაც 4 მარტს დაგეგმილი კომიტეტების გაერთიანებული სხდომა მიეძღვნება.

სანია ჩელებიც ლუკოვაკმა კომიტეტის თავმჯდომარისგან ემიგრაციისა და უცხოეთში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დროებით დასაქმების საკითხებზე კომიტეტის ხედვას გაეცნო. აღინიშნა, რომ ემიგრაციის საკითხებზე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს ოფისი აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან აქტიურად ურთიერთობს და აღნიშნულ თემებზე ორგანიზაცია კომიტეტთანაც მჭიდრო კომუნიკაციის რეჟიმში ითანამშრომლებს. თანამშრომლობის ფორმატი კი კომიტეტის მიერ მომზადებული ინიციატივების მხარდაჭერასა და კომიტეტის აპარატის თანამშრომლებისთვის ტრენინგების და სემინარების გამართვას მოიცავს.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელთან გამართულ შეხვედრას დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მდივანი, ზაალ სარაჯიშვილი ესწრებოდა.