ზვიად კვაჭანტირაძე წარდგენილი კანონის რედაქტირებას ითხოვს,რათა ემიგრაციაში მყოფი თანამემამულეების უფლებები არ იქნეს დარღვეული

801
 ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

საკომიტეტო განხილვაზე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ შემოთავაზებული ინიციატივის ის ნაწილი, რომელიც შეეხება უშუალოდ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან დამატებითი კონტროლის მექანიზმების ამუშავებას, უპირველესად ემსახურება იმ მიზანს, რომ თავად მოქალაქეებს არ შეექმნათ დამატებითი პრობლემები. თუმცა აქაც გადასახედია რიგი საკითხები, მაგალითად: უკან დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთის წარდგენა და ადმინისტრაციული გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმის შესახებ დამატებითი ჩანაწერის აუცილებლობა.
ზვიად კვაჭანტირაძემ აგრეთვე ხაზი გაუსვა აღნიშნული ინიციატივის საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლთან თანხვედრის აუცილებლობას, სადაც პირდაპირ წერია, რომ ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, შეუძლია თავისუფლად გავიდეს საქართველოდან. ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.
კანონპროექტის მიზანი ჩემთვის ცალსახად მისაღებია და ამიტომ დავუჭირე მის ინიცირებას მხარი, თუმცა ჩვენ გვჭირდება სისხლის სამართლის კოდექსში წარმოდგენილი ცვლილების ტექსტის სერიოზული რედაქტირება, რადგან მე ვხედავ საფრთხეებს, რომლებმაც შეიძლება დაარღვიოს საქართველოს მოქალაქეების, ემიგრაციაში მყოფი ჩვენი თანამემამულეების უფლებები. ვფიქრობ, მჭიდრო თანამშრომლობით შევძლებთ, რომ მეორე მოსმენისთვის კანონპროექტი მოვამზადოთ ისე, რომ იგი საზოგადოებისთვისაც გასაგები იყოს, მას რეალური ეფექტიც ჰქონდეს და ემსახუროს იმ მიზანს, რისთვისაც მას ვიღებთ, განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

იხ. ვიდეო:
https://m.facebook.com/story.php?story_fbid=608425596160843&id=192875071049233