არსად არ ხდება სამშობლოდან გადახვეწილი ხალხის დევნა და დასჯა, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ადამიანები გაექცნენ ტოტალურ გაჭირვებას.

39214

,, კანონპროექტი, რომელიც პარლამენტს წარედგინა, ეს არის დიდი უზნეობა და უსამართლობა და იმედი მაქვს ოთხივე საპარლამენტო ძალა, ამ ე.წ. კანონის პროექტს თავზე გადაახევს მის ავტორს ვინც არ უნდა იყოს ის და თუ ამას არ გააკეთებს ეს საპარლამენტო ძალები გავაკეთებ მე ემიგრანტებთან ერთად ! – აცხადებს ემიგრაციისა და დიასპორის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი ღლონტი .

,, ეს არ არის კანონის პროექტი, ეს არის უზნეო და თავგასული დამოკიდებულება ჩვენი ემიგრანტების და ჩვენი ოჯახების მიმართ. როგორ შეიძლება ამ ბოროტ ზრახვებს ვუწოდოთ კანონი, როცა ის ლახავს ჩვენი ხალხის ინტერესებს !

მე არ ვიცი ვის გონებაში მოიხარშა მსგავსი სულელური გეგმა, თუმცა ვწუხვარ, რომ ასეთი ადამიანების გადასაწყვეტი ხდება კანონების ფორმირება ! არსად არ ხდება უცხოეთში არალეგალურად ცხოვრების ფაქტის დანაშაულად გამოცხადება და სამშობლოდან გადახვეწილი ხალხის დევნა და დასჯა, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ადამიანები გაექცა ტოტალურ უმუშევრობას, სიდუხჭირეს, უპერსპექტივობას, ნეპოტიზმს და გადაწყვიტეს რთული, რუტინული და რისკებით სავსე შრომის გზით საკუთარი ოჯახის წევრების ნორმალური საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა !

  სირცხვილია, როცა ემიგრანტებს ვევაჭრებით პენსიაზე, ერთი და იგივე სახელმწიფო სერვისში (პასპორტის გაცემა) ვახდევინებთ 2-ჯერ მეტს და ამით ვარღვევთ ქვეყნის კონსტიტუციას, სირცხვილია, როცა პრაქტიკულად არასდროს არ ვეკითხებით მოსაზრებას 1 700 000-ზე მეტ თანამემამულეს, თუ როგორი სახელმწიფო და სისტემები სურთ.

მიხარია, რომ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არ იზიარებს ამ უზნეო აქტში გათვალისწინებულ ნორმებს. ინტერესით ვადევნებ თვალს, ვინ უჭერს მხარს ემიგრანტთა ინტერესების საზიანო გადაწყვეტილებას, ჩვენ მას აუცილებლად ვუპასუხებთ !” – აღნიშნავს გავრცელებულ განცხადებაში ირაკლი ღლონტი.