თამარ ხულორდავას თქმით კანონის ფარგლებში მოქმედ ტურისტულ კომპანიებს საფრთხე არ ემუქრებათ

142

არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მხარი პირველი მოსმენით მას უკვე დაუჭირა. კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას თქმით, ახალი კანონპროექტი სადამსჯელო სანქცია არ არის, უკანონო მიგრაციის ხელშეწყობა ყველა ქვეყანაში დანაშაულია. მისი განცხადებით, ამ კანონის ამოქმედება საფრთხეს არავის არ შეუქმნის, მათ შორის არც ტურისტულ კომპანიებს, რომლებიც კანონის ფარგლებში საქმიანობენ.

„თუ ტურისტული კომპანია კეთილსინდისიერად საქმიანობს, მას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ამ საკითხზე წუხილები სრულიად უსაფუძვლოა. გასაგებია, რომ ტურისტული კომპანიების მხრიდან ფინანსური ინტერესი შესაძლოა, იყოს და ამასთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდეს. მაგრამ აქ მეორე პირობაც უნდა იყოს. მან უნდა იცოდეს და წინასწარი შეცნობით უნდა აკეთებდეს რამეს იმისთვის, რომ უკანონო მიგრაციას ხელი შეუწყოს. ეს პირობა კეთილსინდისიერი ტურისტული კომპანიების შემთხვევაში, არ იქნება და მათ არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ“, – განმარტა ხულორდავამ.