თურქეთში დასაქმებულ ქართველ შრომით მიგრანტებს კუთვნილ ხელფასს არ უხდიან. რას ყვებიან ტრეფიკინგის მსხვერპლი მოქალაქეები

1073

 www.radiotavisupleba.ge  საგანგაშო ფაქტს ასაჯაროვებს და წერს რომ თურქეთში სეზონურად დასაქმებული საქართველოს 14 მოქალაქე სარფის საბაჟოს გავლით სამშობლოში ანაზღაურების გარეშე დაბრუნდა. როგორც ისინი აცხადებენ, თხილის პლანტაციებში 22 დღის მუშაობის ანაზღაურებას თურქეთის რესპუბლიკაში შვიდი დღის განმავლობაში უშედეგოდ ელოდნენ. მათი დამსაქმებელი თაღლითი აღმოჩნდა. მან სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში მცხოვრები 28 მოქალაქე თურქეთის ორდუს პროვინციაში წაიყვანა და 22 დღე მძიმე პირობებში ამუშავა. მოქალაქეები იხსენებენ, რომ სოფლიდან 1 აგვისტოს გაემგზავრნენ. დამსაქმებელი, სიტყვიერი შეთანხმებით, ყოველდღიურად 70 ლირის გადახდას დაჰპირდა.

„პირველად პრობლემები რომ შეგვექმნა, თანხის გადახდა მოვითხოვეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში აღარ გავალთ სამუშაოდო, ვუთხარით. ერთი დღე რომ აღარ ვიმუშავეთ, გარკვეული თანხა გადაგვიხადა და დაგვპირდა ყოველდღე გადაგიხდითო, ამიტომ დავბრუნდით პლანტაციებში. მერე გვითხრა, დღეს არა, ხვალ გადაგიხდითო და ასე მოტყუებით გაგვიწელა დრო და დაგვიგროვდა აუნაზღაურებლად ნამუშევარი – ზოგს 15, ზოგსაც 22 დღე. ისევ უარი ვთქვით მუშაობაზე და მაშინაც მოგვიტანა თანხის ნაწილი, ხოლო როცა ისევ გავაგრძელეთ მუშაობა და ფულის გადახდა დღიურად მოვითხოვეთ, საერთოდ წავიდა, დაგვტოვა უპატრონოდ, არც საჭმელი გვქონდა და არც სასმელი მაღლა მთაში“ – ამბობს ზაზა ჩაჩუა.

თურქეთის ორდუს პროვინციაში უსახსროდ დარჩენილ საქართველოს 28 მოქალაქეს ადგილობრივები დაეხმარნენ, რომლებიც საკვებით ამარაგებდნენ. ერთ-ერთმა ურჩია, ადგილობრივი ჟანდარმერიისთვის მიემართათ. ანაზღაურების გარეშე დარჩენილი დასაქმებულები ჰყვებიან, რომ ისინი ქალაქ უნიაში ერთ-ერთმა ადგილობრივმა შეიფარა. მათი ნაწილი საქართველოში საკონსულოს დახმარებით დაბრუნდა, 14 მოქალაქე კი საზღაურის მიღების იმედით თურქეთის რესპუბლიკაში დარჩა. ბათუმში 7 აგვისტოს ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები ამბობენ, რომ თურქეთში უმძიმეს პირობებში უწევდათ მუშაობა. არც ერთ მათგანს არ ჰქონდა სამუშაო კონტრაქტი:„გაუსაძლის მდგომარეობაში ვიყავით. ყველანი დავიწამლეთ. ოჯახში, სადაც ვიყავით, წყალს გვასმევდნენ ისეთს, რომ ბიჭები დაიწამლნენ, თავად მეპატრონე კი მეზობლიდან მოტანილი წყლით სარგებლობდა. საჭმელიც არ გვქონდა. ერთი კვირა ასეთ პირობებში რომ ვიშრომეთ, ნამუშევარი დღეების ანაზღაურება მოვითხოვეთ, ვუთხარით, საქართველოში უნდა გავაგზავნოთ, ზოგს ბანკის სესხი აქვს დასაფარი და ზოგსაც ოჯახი ჰყავს სარჩენიო. ვიჩხუბეთ და ორი დღე არ გავედით სამუშაოდ, რომ ნაწილი თანხა მოეცა. თანხა არ მოგვცა და დაგვტოვა“ – ამბობს თამარ ბოცვაძე.

უსახსროდ დარჩენილმა დასაქმებულებმა 2 სექტემბერს თურქეთში საქართველოს საკონსულოს მიმართეს, სადაც აცხადებენ, რომ საქართველოს მოქალაქეების ამ საქმით უნიის ადგილობრივი მედია დაინტერესდა, რომელიც აქტიურად ლაპარაკობდა იმაზე, რომ არაკეთილსინდისიერმა დამსაქმებელმა მოიპოვა საქართველოს მოქალქეების ნდობა, შესრულებულ სამუშაოში კი შეპირებული თანხა არ გადაუხადა. საქართველოს გენერალური კონსული ქალაქ ტრაპზონში ავთანდილ მიქაცაძე ამბობს, რომ საქმეში ადგილობრივი ხელისუფლებაც ჩაერთო, თუმცა, მისივე თქმით, საქმეს ართულებდა ის გარემოება, რომ სეზონურად დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებს არ გააჩნდათ სამუშაო კონტრაქტები:

„ამ შემთხვევაში გვქონდა ერთადერთი ბერკეტი – დაგვერწმუნებინა დამსაქმებელი, რომ გადაეხადა დანაპირები თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავდით პროკურატურას, ამ გზით კი დამსაქმებელს ემუქრება სოლიდური ჯარიმა – სადღაც 60-დან 80 ათასამდე ლირა. სახელფასო დავალიანება კი ამ თანხის ნახევარზე ნაკლები მართებს, რომლის ნაწილი გადაუხადა დასაქმებულებს და დარჩენილი აქვთ 1 500 აშშ დოლარი. ორი დღე მოლაპარაკებას ვაწარმოებდით და ახლა ასეთი არჩევანის წინაშე არიან: ან გადაუხდიან საქართველოს მოქალაქეებს ამ თანხას, ან გადაიხდიან სამართლიან ჯარიმას 15 000 აშშ დოლარს“ – აცხადებს ავთანდილ მიქაცაძე.

სეზონურ სამუშაოებზე თხილისა და ჩაის პლანტაციებში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები ხშირად რჩებიან ანაზღაურების გარეშე, აცხადებენ საქართველოს საკონსულოში. ამის მიზეზი კი სამუშაო კონტრაქტის გარეშე სიტყვიერი შეთანხმების ამარა დასაქმებაა, რის გამოც ხშირად თაღლითობის მსხვერპლნი ხდებიან. საკონსულო ურჩევს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც სეზონურად საქმდებიან თურქეთის რესპუბლიკის შავი ზღვისპირეთის რეგიონებში, ისარგებლონ სპეციალურად დადგენილი წესებით, რომლებიც ორი სახელმწიფოს შეთანხმების შედეგად მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქმედებს – კერძოდ კი, გაეცნონ საქართველოს გენერალური საკონსულოს გვერდზე გამოქვეყნებულ დასაქმების წესებს, ამავე გვერდიდან ჩამოტვირთონ და შეავსონ სპეციალური ორი ფორმა: დასაქმების მსურველთათვის და სამუშაო კონტრაქტი.

საქართველოში დაბრუნდა 14 მოქალაქე, რომლებიც თურქეთში არალეგალურად მუშაობდნენ და აგვისტოს შემდეგ უშედეგოდ ელოდებოდნენ შრომის ანაზღაურებას. ყველა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის მცხოვრებია. სარფის საბაჟოს გავლით საქართველოში დაბრუნებულმა მოქალაქეებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ თაღლითობის მსხვერპლნი გახდნენ. მათი თქმით, ისინი თურქეთში თხილის საკრეფად გაემგზავრნენ „დასაქმების აგენტთან“ სიტყვიერი შეთანხმებით და კონტრაქტი არ გაუფორმებიათ. აგენტი, სახელად რემზი, დღეში 70 თურქული ლირის გადახდას დაპირდა, თუმცა 21 სამუშაო დღის შემდეგ გაუჩინარდა ისე, რომ დასაქმებულებს ხელფასი არ გადაუხადა. საქართველოს მოქალაქეებმა მუშაობა შეწყვიტეს, თურქეთის პოლიციაში იჩივლეს და მიმართეს საკონსულოსაც, რომლის დახმარებითაც სამშობლოში დაბრუნდნენ.