იერუსალიმში ქართული ბიბლიოთეკა დაარსდა

286

2019 წლის 20 იანვარი ქართულ ისრაელური კულტურული ურთიერთობების ჭეშმარიტად ისტორიული დღე გახლავთ. ქართველ ებრაელთა თემის ღვაწლმოსილ მეცნიერთა ერთი ჯგუფის მრავალწლიან მცდელობას გვირგვინი დაედგა და ქ. იერუსალიმის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, დასახლება “ნევე იაკოვის” საქალაქო ბიბლიოთეკაში პირველი ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა. საქართველოს საელჩომ ამ ისტორიული ფაქტის შესახებ ისრაელის და საქართველოს საზოგადოებას ჯერ კიდევ ა.წ. 15 იანვარს ამცნო და ბიბლიოთეკის გახსნის საზეიმო ცერემონიასაც მომზადებული შეეგება: საქართველოს ელჩმა, ბატონმა პაატა კალანდაძემ ახლად შექმნილ ბიბლიოთეკას, დასაწყისისთვის, საჩუქრად, 21 ქართული წიგნი გადასცა – კლასიკური და უახლესი ქართული ლიტერატურის ახალი გამოცემები. ისრაელში ქართული ბიბლიოთეკის დაარსების იდეის ავტორები, ინიციატორები და განმახორციელებლები ქართული კულტურის თვალსაჩინო ქომაგები, ისრაელში ამოსული მეცნიერები, პროფესორი გერშონ ბენ-ორენი (წიწუაშვილი) და შოთა იაკობაშვილი გახლავთ. ბატონმა გერშონმა ბიბლიოთეკის წიგნად ფონდს პირადი ბიბლიოთეკის 80 პროცენტი – 2 500 წიგნი შესწირა. გახსნის ცერემონიალის მონაწილეთა თვალწინ გაიხსნა შემოწირული წიგნებით სავსე ათობით ყუთი. იქ იმ წუთას, იერუსალიმის წმინდა მიწაზე, დაიბადა ქართულ-ებრაული საუკუნოვანი მეგობრობის, განათლებისა და წიგნიერების ახალი პირმშო. ჩვენ ამ ისტორიული მომენტის მოწმეები გახლდით.

აღსანიშნავია, ასევე, რომ 20 იანვარს დაარსებულმა პირველმა ქართულმა ბიბლიოთეკამ თავისი პირველი სამუშაო დღე საქართველო-ისრაელის წარმატებული ურთიერთობის ერთი განსაკუთრებული მაგალითით დაიწყო. ბატონმა გერშონ ბენ-ორენმა საელჩოს და პირადად მის მრჩეველს, მანანა დუმბაძეს ისრაელში 1998 წელს ივრითზე ნათარგმნი და გამოცემული საბავშვო ლექსების წიგნი (უფრო სწორედ, წიგნის ქსეროასლი, რადგან ორიგინალი ხელმიუწვდომელია) “ლექსებით სავსე ხურჯინი” გადასცა. საქმე ისაა, რომ ხსენებული გამოცემის შესახებ, რომელიც, როგორც გამომცემელი აღნიშნავს, ისრაელის დამოუკიდებლობის 50 წლისთავს და საქართველოს დამოუკიდებლობის 80 წლისთავს ეძღვნება, არც საქართველოში და არც ისრაელში არავითარი ინფორმაცია არ არსებობს, თავად წიგნი კი ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს.