იმიგრაცია აზარალებს აშშ-ს, გერმანიას და ევროპის სხვა ქვეყნებს- განაცხადა დონალდ ტრამპმა

475

დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ იმიგრაცია არ არის კარგი არც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და არც ევროპისთვის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ლონდონში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ვფიქრობ, ეს ძალიან ნეგატიურია. მე შესანიშნავი ურთიერთობები მაქვს ანგელა მერკელთან, გერმანიასთან, თუმცა ვფიქრობ, იმიგრაცია აზარალებს გერმანიას და ევროპის სხვა ქვეყნებს. ვიცი, ეს პოლიტიკურად კორექტული არ იქნება, თუმცა მე ამას ვიტყვი ხმამაღლა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ევროპის კულტურა და უსაფრთხოება იცვლება. „შეხედეთ, რა ემართება სხვადასხვა ქვეყანას, რომლებსაც არასდროს ჰქონიათ სირთულეები, არასდროს ჰქონიათ პრობლემები. ძალიან სამწუხარო სიტუაციაა, ძალიან სამწუხაროა.  არ ვფიქრობ, რომ ეს კარგია ევროპისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ბევრად მაღლა ვდგავართ იმაზე, რაც აქამდე იყო, თუმცა ძალიან ცუდი საიმიგრაციო კანონები გვაქვს. ეს კანონები იმდენად ცუდია, რომ კანონებსაც კი ვერ უწოდებ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.