იოჰანეს ჰანის განცხადებით ქართველები ევროკავშირში თავშესაფარს ვერ მიიღებენ, რადგან საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა

1064

ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეხუთე სხდომა დასრულდა, რომლის შემდეგაც საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ და ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში, ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა.

“იმედის” შეკითხვის პასუხად ფედერიკა მოგერინმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი ევროკავშირთან ინტეგრაციის საგზაო რუკა ძალიან თანმიმდევრულია და მნიშვნელოვანია, რუკის მთავარი აქცენტი გაკეთებულია ასოცირების შეთანხმების განხორციელებაზე.

“20 შედეგი უნდა დაიდოს 2020 წლის სამიტისთვის. ჩვენ განვიხილეთ ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც ერთად შეიძლება გადავდგათ. აქედან გამომდინარე ამბიციური, მნიშვნელოვანი დღის წესრიგი გვაქვს. მიმაჩნია, რომ ასე გაგრძელდება და პოზიტიური შედეგები იქნება, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა იგრძნობს”, – განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

იოჰანეს ჰანის განცხადებით, საქართველომ თქვა, რომ მას აინტერესებს ევროკავშირში ყოფნა და ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის სივრცე იძლევა იმის საშუალებას, რომ ეკონომიკური განვითარება და უკეთესი საცხოვრებელი პირობები მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში თვალხილული და ხელშესახები იყოს.

ვიზალიბერალიზაცია იყო ერთ-ერთი კონკრეტული მიღწევა და ვერ ვხედავ რაიმე რისკს თუ საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოება ზოგიერთ ხარვეზს გამოასწორებს ამ კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით მედიის როლი, იმიტომ რომ მედიამ უნდა მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება. საქართველო მიიჩნევა უსაფრთხო ქვეყნად და საქართველოს ჩვენ ამ პრიზმაში ვუყურებთ. მე მითხრეს, რომ ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში 600 ათასი ადამიანი შემოვიდა ჩვენს ტერიტორიაზე და მხოლოდ რამდენიმე ათასი აკეთებდა განაცხადს თავშესაფარზე, ეს მასშტაბები თავისას ამბობს, მაგრამ მინდა მოგიწოდოთ რომ მედიამ თქვენი შესაძლებლობები გამოიყენოთ და საზოგადოებას აცნობოთ, რომ ისინი ევროპაში თავშესაფარს ვერ მოიპოვებენ, რადგან საქართველო უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნევა”, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობის მიერ წარდგენილი ევროკავშირთან ინტეგრაციის საგზაო რუკა დაგვეხმარება იმაში, რომ საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაცია მოხდეს:  “რომ ავიყვანოთ ჩვენი წარმატება ახალ დონეზე, გავუმკლავდეთ იმ ეკონომიკურ გამოწვევებს, რომლებიც არსებობს საქართველოს წინაშე, წარმატებით მივიყვანოთ რეფორმები, მათ შორის ძირეული და სტრუქტურული რეფორმები რომლებიც დავიწყეთ და განსაკუთრებით მინდა განათლების სექტორი გამოვყო. ვფიქრობ, რომ ეს დოკუმენტი დაგვეხმარება იმაში, რომ საზოგადოებას ჰქონდეს კონკრეტული ორიენტირი თუ როგორ ვითარდება და როგორ პროგრესირებს საქართველო ევროპული მიმართულებით”, – განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა.