იტალიაში საქართველოს საელჩო გამორცხავს საკონსულო ჩაერიოს მესაზღვრის კომპეტენციაში და შეცვალოს მისი გადაწყვეტილება ამა თუ იმ მოქალაქის იტალიის ტერიტორიაზე შემოშვების მიზნით

843

იტალიაში საქართველოს საელჩო იტალიის სახელმწიფო საზღვრის კვეთისას საქართველოს მოქალაქეების შესახებ მესაზღვრის გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობას იხსნის, თუკი მათ ვიზალიბერალიზაციის რეჟიმით მოთხოვნილი ყველა საჭირო საბუთი არ ექნებათ  –  ამის შესახებ განცხადებას იტალიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

„მოგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში იტალიის რესპუბლიკის მთავრობის მიერ გამკაცრებული სასაზღვრო კონტროლის პირობებში, არაერთხელ დაფიქსირდა იტალიის ტერიტორიაზე იმ საქართველოს მოქალაქეების არ შემოშვების ფაქტი, რომლებსაც სასაზღვრო შემოწმებისას წესრიგში არ ჰქონდათ კანონით მოთხოვნილი დოკუმენტაცია. იტალიაში საქართველოს საკონსულოს, ისევე როგორც სხვა უცხო ქვეყნის საკონსულო სამსახურებს, არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი ბერკეტი, რომ მესაზღვრის მიერ კანონიერად მოთხოვნილი დოკუმენტების არარსებობის შემთხვევაში, ჩაერიოს მესაზღვრის კომპეტენციაში და შეცვალოს მისი გადაწყვეტილება ამა თუ იმ მოქალაქის იტალიის ტერიტორიაზე შემოშვების მიზნით. შევახსენებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც აპირებს იტალიის რესპუბლიკაში მოგზაურობას, იქონიოს ვიზალიბერალიზაციის რეჟიმით მოთხოვნილი ყველა საჭირო საბუთი“, – აღნიშნულია იტალიაში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.