კანადაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის ქართული ოცნება და უცხო ქვეყანაში შექმნილი პატარა საქართველო

378

რამდენიმე წლის წინ საქართველოდან კანადაში წავიდა და უცხო ქვეყანაში თვითდამკვიდრებისთვის ბრძოლა დაიწყო.  შრომა დაუფასდა – ორ წელიწადში საკუთარი სამშენებლო ბიზნესის მფლობელი გახდა. დღეს 4 შვილის მამა ოჯახთან ერთად საქართველოში დაბრუნებასა და საკუთარი ქვეყნის განვითარებაში გარკვეული წვლილის შეტანაზე ოცნებობს…

“წარმატებული მაშინ ვიქნები, როდესაც სამშობლოში მოვახერხებ დაბრუნებას, ოჯახით დაფუძნებასა და ჩემი ქვეყნის შენებაში მცირედი წვლილის შეტანას. ამბიციური სურვილია, მაგრამ…  ხოლო თუ წარმატებად ჩემს აქაურ ყოფას განვიხილავთ, დიახ, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოდან ცარიელი ჯიბეებით ჩამოსული ემიგრანტისათვის კანადაში გატარებული 14 წელი საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. უცნაურია, სულ რაღაც 3-4 წელიწადში ვგეგმავდით მე და ჩემი მეუღლე საქართველოში ჩამოსვლას, თუმცა ჯერ კიდევ აქ ვართ…

უცხოეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი საკუთარი პატარა საქართველოს შენარჩუნებას კანადაშიც ახერხებს. შვილებს ქართული ტრადიციების მიხედვით ზრდის,  სამშობლოს სიყვარულს უნერგავს, ქართულად წერა-კითხვასა და საქართველოს ისტორიას ასწავლის. მრავალი წლის შემდეგ ისევ იმავე მიზნებისთვის იბრძვის,  თუმცა ახლა მის ოცნებას შვილებიც იზიარებენ.

„ოთხი შვილი გვყავს, 18 წლის გიორგი, 13 წლის ნიკოლოზი,  ჩემი „შვლის ნუკრი“ – 7 წლის ბარბარე  და ჩემი “ცისაბრტყელა” (ასე გამოთქვამდა ამ სიტყვას 4 წლის ასაკში) – 6 წლის მარიამი.

ვცდილობთ,  შვილებს ქართველობა არ დავუკარგოთ, ყველაფერი ქართული გავაცნოთ და შევაყვაროთ. ბავშვების გაზრდა ადვილი ყოფილა, აი, აღზრდა კი, თანაც ქართველებად, მართლაც არ არის იოლი. მეტიც, ეს  მტკივნეული საკითხია ყველა იმ ემიგრანტისთვის, ვისაც შვილების აღზრდა უცხოეთში უწევს. თავიდან ნაკლებად იგრძნობა სირთულე, სანამ ბავშვი მხოლოდ ოჯახურ ატმოსფეროში იზრდება, სანამ მხოლოდ იქ გაგონილი, თუ ნანახია მისთვის მთელი სამყარო, მაგრამ დგება დრო, როდესაც სკოლაში უნდა წავიდეს, მეგობრები უნდა შეიძინოს, ბევრი სხვა აზრი და განსხვავებული შეხედულებები მოისმინოს… ჰოდა, ბავშვი ხვდება, რომ რასაც აქამდე ასწავლიდნენ რადიკალურად ემიჯნება იმას, რასაც სახლს გარეთ ხედავს და ასწავლიან. ამ დროს თითქოსდა პიროვნების გაორების პროცესი მიმდინარეობს – უნდა მოხდეს მისი გარე სამყაროსთან შერწყმა/ინტეგრაცია (რაც აბსოლუტურად ნორმალური შინაგანი მოთხოვნილებაა), ან  ოჯახში ნასწავლი ფასეულობების შენარჩუნება, რაც განსხვავებულობისა და სიმარტოვის განცდას აძლევს. ამ დროს განსაკუთრებული სიფრთხილე, სიფხიზლე, მოთმინება და სიყვარულია საჭირო მასთან ურთიერთობაში, ამ დროს, ჩემი აზრით ბავშვის  განსაზღვული ვადით საქართველოში გაშვებაა ყველაზე უპრიანი მისი ქართული ხერხემლის მოსამაგრებლად. მან მშობლების, საქართველოსა და წლების დახმარებით უნდა ისწავლოს სამშობლოს გარეთ ისე ცხოვრება, რომ არც საკუთარი დაკარგოს. ისე არ გამიგოთ, თითქოსდა სხვათა ტრადიციებსა თუ შეხედულებებს უდიერად ვეხებოდე. არა, ეს ასე არაა.  პატივს ვცემ იმ ქვეყანას და იმ კულტურას, რომელმაც მე და ჩემი ოჯახი ასე თბილად მიგვიღო. ალბათ, ჩვენც, ქართველები რომ 50 ან 60 მილიონი ვიყოთ, ზემოხსენებული საკითხი არც მტკივნეული იქნებოდა და არც აქტუალური, მაგრამ…  იმდენად ცოტანი ვართ და უფრო და უფრო ვცოტავდებით, რომ ყოველ ერთეულ ქართველს გვევალება ქართველობის შენარჩუნება. უპირობოდ გვევალება! მადლობა ღმერთს, ჩემი შვილები ქართულად მეტყველებენ, ხშირად სტუმრობენ საკუთარ ქვეყანას, იზიარებენ ჩემს ოცნებას,  უნდათ საქართველოში დაბრუნება და მშობლიურ ქვეყანაში მოღვაწეობა, ყოველ წუთს მზად არიან ამისთვის… ჯერ-ჯერობით ასეა…”

საკუთარ სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული ქართველი პატრიოტი ქვეყნიდან გამგზავრების მიზეზებზე საუბრისგან თავს იკავებს, კანადაში ჩასვლის წუთიდან კი ყველაფერზე ღიად საუბრობს. ამბობს, რომ სხვებივით მანაც ყველაფერი ნულიდან დაიწყო. პროფესიით იურისტს მისთვის სრულიად უცხო ქვეყანაში თავის დასამკვიდრებლად პირველ ეტაპზე ფიზიკური შრომა დასჭირდა. ასე სამშენებლო ბიზნესსა და ცალკეულ ნიუანსებშიც გაერკვა. საკუთარი ბიზნესის წამოწყება კი ქვეყანაში ჩასვლიდან 2 წლის შემდეგ შეძლო.

„კანადაში 2005 წელს აღმოვჩნდი.  უცხო მიწაზე თავის დასამკვიდრებლად მძიმე ფიზიკური შრომა დამჭირდა. საქართველოში ფიზიკურად არასოდეს მიმუშავია, ჩემი ოჯახი წლების განმავლობაში მყარად იდგა ფეხზე და ამის აუცილებლობა არც არსებობდა. კანადაში კი საქმე სხვაგვარად იყო.  პირველი ორი თვე უხელფასოდ მუშაობას დავთანხმდი, ოღონდ  ერთი პირობით, რომ თავიდანვე იმ პოზიციაზე დამაყენებდნენ, სადაც საქმეს უკეთ შევისწავლიდი. ხშირი იყო 16 -დან 18 საათამდე სამუშაო დღეები, ორი თვის შემდეგაც დაბალი ხელფასი მქონდა და ყოველი ცენტი წინასწარ მქონდა გათვლილი, ვიცოდი, რა და როგორ უნდა დამეხარჯა, რომ თავი გამეტანა. როგორც კი დრო გამომიჩნდებოდა, ინგლისური ენის შესასწავლ კურსებზე გავრბოდი, ვხვდებოდი, რომ ენის ცოდნის გარეშე გამიჭირდებოდა. არაფერს ვნანობ, პირიქით, ყველაფრისთვის ვმადლობ უფალს. უზარმაზარი გამოცდილება შევიძინე.

დაახლოებით ორ წელიწადში გავბედე და საკუთარი საქმე წამოვიწყე, თავდაუზოგავ შრომასთან ერთად, იღბალიც მწყალობდა – სასწაულებრივად გადავურჩი 2008-ისა თუ 2011 წლების ეკონომიკურ კრიზისებს კანადაში. ზურგს ჩემი მეუღლე მიმაგრებდა, რომელიც ჩემი საუკეთესო მეგობარიცაა და თანამებრძოლიც.

საქართველოში, როგორც ავღნიშნე მშენებლობასთან შეხება არ მქონია. თავის დროზე მათემატიკასაც კარგად ვსწავლობდი და ხაზვაც მეხერხებოდა, მაგრამ სამშენებლო ნახაზების არაფერი გამეგებოდა. თავიდან ერთი მარტივი პროექტის გამოთვლას სულ მცირე კვირანახევარი ვუნდებოდი მაშინ, როდესაც ახლა ესტიმაციას სულ რაღაც 2-3 საათი სჭირდება.

მახსოვს პირველი ემოციაც, როდესაც ფაქსი დავიდგით. ვერ წარმოიდგენთ, როგორ ველოდებოდით პირველ მოწვევას და რა გახარებულები ვიყავით, როდესაც მივიღეთ. ახლა კი ჩვენს არჩევანზეა, რომელ ტენდერში მივიღოთ მონაწილეობა და რომელზე ვთქვათ უარი.

მინდა აღვნიშნო, რომ ემიგრაცია ქართველებისთვის, სხვა მრავალწლოვანი ემიგრაციის გამოცდილების მქონე ერებთან შედარებით, მეტად რთულია.  ყოფილმა საბჭოთა ქვეყნებმა, მაგალითად, რუსეთმა და უკრაინამ, 100 – 150 წლის წინ დაიწყეს ამ ქვეყანაში თვითდამკვიდრება და საკმაოდ ძლიერადაც მოიკიდეს ფეხი. დღეს ისინი ერთმანეთს აძლიერებენ, გვერდში უდგანან – ვისაც სწავლის სურვილი აქვს – შეუძლია ისწავლოს, ვისაც შრომის – იშრომოს. ქართველებს კი ნაკლებად გვქონდა ამის არჩევანი, ჩვენი ემიგრაცია საკმაოდ ახალგაზრდაა, ყოველი ჩამოსული ქართველი მძიმე ფიზიკური შრომის ხარჯზე ცდილობს თავის გატანას, თითქმის ყოველი მათგანის უკან ხომ ოჯახები, ახლობლები, ერთი სიტყვით საქართველო დგას. ეს საკმაოდ რთულია და საკმაოდ დიდ ნებისყოფას მოითხოვს, რომ არ გატყდე. ყველას, ვინც ამ ქვეყანაში ფეხის მოკიდებას ცდილობს, ვურჩევ, რომ არასდროს დანებდეს ყოფით სირთულეებს, არასდროს დაკარგოს მომავლის რწმენა და იმედი. არის აქ იმის პოტენციალი, რომ მიზანს მიაღწიო, თუკი, რაღა თქმა უნდა, სიმტკიცეს გამოიჩენ და საკუთარ თავს არ უღალატებ. მთავარი ისაა, რომ ამ არცთუ იოლ გზაზე, არაფერმა უნდა შეგაშინოს.

თანამოაზრეები ქართულ დიასპორაში იპოვა და საკუთარი გუნდი თანამემამულეებით დააკომპლექტა. ამბობს, რომ მის გარშემო მიზანსწრაფული, მშრომელი და ერთგული ხალხია გაერთიანებული.

„ჩვენს კომპანიაში, ძირითადად, ქართველები არიან დასაქმებულები. “ჩვენს”-თქო შემთხვევით არ ვამბობ, კომპანიის ყოველ წევრს საკუთარი და საერთო წარმატება ერთმანეთთან აქვს გაიგივებული.  უპირველესი წარმატება კი ისაა, რომ ყველა უვნებლად ბრუნდება დღის ბოლოს სახლში. ერთი შეხედვით უსაფრთხო სამსახური, მშენებლობას ვგულისხმობ, სიცოცხლისათვის საშიში სამსახურების სიაში სტატისტიკით მეცხრე ადგილზეა. დასტურად მხოლოდ საქართველოში არსებული ფატალური შემთხვევების სავალალო მაჩვენებელიც გამოდგება. უსაფრთხოდ მუშაობის წესები კი  მართლაც სასწავლი გვაქვს დასავლეთისაგან ქართველებს.“

მომთხოვნი უფროსია, მაგრამ ამ მოთხოვნებს, პირველ რიგში, საკუთარ თავს უყენებს. ამბობს, რომ ჯერ თვითონ უნდა იყოს სამაგალითო. როგორც ყველა მოკვდავი, შეცდომებს ისიც უშვებს, მაგრამ შემდეგ მიღებულ გამოცდილებას მისთვის სასარგებლოდ იყენებს.  

„რა თქმა უნდა, შეცდომები ბევრი გვქონია, მაგრამ დიდება უფალს, ისეთი შეცდომა არ დაგვიშვია, რაც დაგვანგრევდა და დაგვშლიდა. ამბობენ, ჭკვიანები სხვის შეცდომებზე სწავლობენო, სულელები – საკუთარზეო. მე სხვაგვარად ვფიქრობ, მიმაჩნია, რომ ჭკვიანი ადამიანი საკუთარ შეცდომებზე სწავლობს, სულელი კი ვერც სხვის შეცდომაზე სწავლობს და ვერც საკუთარზე. პირველ რიგში საკუთარი თავისადმი ვარ მაქსიმალურად მომთხოვნი და მერე სხვისგანაც თამამად ვითხოვ დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. სადამსჯელო სანქციები არ გვაქვს, უბრალოდ, ამის აუცილებლობა არ დგას.  საკუთარ მოვალეობას ყველა პასუხისმგებლობით ვართმევთ თავს. ვფიქრობ, პირადი მაგალითი საუკეთესო მაგალითია და მეც სწორედ ასე ვცდილობ, მოვიქცე.“

უცხოეთში მოღვაწე ბიზნესმენს ერთი უცნაური ჰობი აქვს –  სროლა იტაცებს. თუმცა მისთვის სასურველი საქმიანობისთვის დრო თითქმის არ რჩება.

– საინტერესო ჰობი ახსენეთ – სროლა… მიზანში სროლა იგულიხმეთ თუ ნადირობა გქონდათ მხედველობაში?

– მიზანში სროლა ვიგულისხმე… დიახ, სროლა მიტაცებს. თუკი მაგისთვის თავისუფალ დროს ვნახულობ, ტირში ვარ და მიზანში ვისვრი. თავისუფალი დრო კი ძალიან იშვიათად მაქვს, ჯერჯერობით, ფაქტობრივად, ვერც ვნახულობ. ჯერ კიდევ ბევრი შრომაა საჭირო იმისათვის, რომ თავისუფალი დრო მქონდეს. სამაგიეროდ უფრო ხშირად ვახერხებ ხოდასთან ერთად სეირნობას.  ხოდა – ჩემი საამაყო ძაღლია, სუფთა ქართული ჯიშის ლომისებრი ნაგაზი. ჯერ კიდევ პატარაა, წლინახევრის, თუმცა 80 კილოგრამამდე იწონის და იმდენად ქართულად  ლამაზია, რომ გამორიცხულია, არ გამაჩერონ კითხვით: რა ჯიშის ძაღლიაო? – მეც ამაყად ვპასუხობ, რომ ქართული ნაგაზია. ზოგს რატომღაც რუსული ჰგონია, მე კი ვუხსნი, რომ ეს ასე არაა, რომ ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა…

რაც შეეხება ნადირობას, ერთ საინტერესო ისტორიას მოგიყვებით. რამდენიმე ხნის წინ სანადიროდ ვიყავით წასულები, ერთ-ერთმა ადგილობრივმა ინდიელმა დაგვპატიჟა. აქ ისინი განსხვავებული უფლებებით სარგებლობენ რიგ საკითხებში. აქ მათი მიწაა და ჩვენ ყველანი, ვინც აქ ვართ, მათ მიწაზე ვიმყოფებით. რატომ გავუსვი ამას ახლა ხაზი. სანადიროდ  ისეთ მიწებზე, ისეთ ტერიტორიებზე შევედით, სადაც მის გარეშე ვერ მოვხვდებოდით. მოკლედ, მოხდა ისე, რომ ამ ინდიელმა მოკლა ორი მუსი, დედა-შვილი, ჯერ შვილი მოკლა, მერე – დედა და ეს ასე აგვიხსნა, – პირიქით რომ გამეკეთებინა, შვილი გაიქცეოდაო…

მას შემდეგ სანადიროდ აღარ წავსულვარ.

– ანუ ახლა მხოლოდ მიზანში ისვრით?

– დიახ…

– ხშირად აცდენთ?

– არა, მიზანს ხშირად არ ვაცდენ… თუკი უნდა მოვარტყა, ამას, ღვთის წყალობით,  თითქმის ყოველთვის ვახერხებ…

P.S.  გიორგი იმნაძე – ქართველი ბიზნესმენი კანადაში, საოცარი მეუღლე და მამა, უსაზღვრო პატრიოტი, ძლიერი და რაც მთავარია, კარგი ადამიანი… აშენებს, ოცნებობს და „არტყამს“ მიზანში… უყვარს ოჯახი, სამშობლო, ადამიანები… და კიდევ… წერს… ლექსებს… მისი მკითხველი, მისივე სურვილით,  ფართო აუდიტორია არაა, თუმცა  სამეგობროში მას ამ მხრივაც კარგად იცნობენ. ამჯერად მისი იარაღი – პოეზიაა, ტყვიები კი მისივე გულიდან წამოსული სიტყვები. მიზანში ადამიანის ემოციებს იღებს და არც ამჯერად აცდენს… ასე გარშემომყოფთა გულებსაც ადვილად სწვდება და იპყრობს.

„არ გიყვარს? ცოდო ხარ უშვილო ქალივით…”  “თუ გიყვარს, მადლი გდის ცრემლებად, ვაზივით…“  – ეს ბატონი ომარის ერთი ლექსის ორი სხვადასხვა სტრიქონია…  აქვეა მისი, ერთ სიტყვაში გამოხატული წარმატების ფორმულაც – „სიყვარული“, რაც მისივე ლექსების სტრიქონებსა და ცხოვრებისეულ ეპიზოდებშიც  უთქმელად იკითხება.

ნუცა ხომერიკი

(C) http://businesspost.ge