კომპანია „სვეტის“ მენაშენეებს თბილისის მერი კახა კალაძე შეხვდება

682

თბილისის მერი კომპანია „სვეტის“ მენაშენეებს პირადად შეხვდება. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მოშიმშილეები  მერიისგან შუამდგომლობას მოითხოვენ, რათა მშენებლობა დასრულდეს. ამის საპასუხოდ თბილისის მერი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტი კერძო კომპანიის საქმიანობაში ვერ ჩარევა., თუმცა შესაძლებლობის ფარგლებში ამ ადამიანებს მხარში დაუდგება.

„მერიაში დღეს ვხვდებით მენაშენეებს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის გვქონდა მათთან კომუნიკაცია. ჩემი მოადგილე არაერთხელ შეხვდა დაზარალებულებს. დღეს პირადად შევხვდები მათ. იმ საკითხში, თუ რა სამუშაოებს ატარებს კერძო კომპანია, მერია გარანტი  ვერ გახდება. რაც შეიძლება ჩვენი მხრიდან იყოს გასაკეთებელი, ყველანაირად დავეხმარებით. იქნება მაქსიმალური თანადგომა და მხარდაჭერა. კომპანიის ფინანსურ მდგომარეობასა და შესაძლებლობაზე გამიჭირდება საუბარი და ამის უფლებაც არ მაქვს. ამისთვის არის სხვა შესაბამისი სამსახურები, რომლებმაც უნდა იმოქმედონ და მიიღონ გადაწყვეტილებები, ჩვენი მხრივ მზად ვართ მხარში დავუდგეთ ამ ადამიანებს კანონის ფარგლებში”,-განაცხადა მან.

შეხვედრა მედიისთვის სავარაუდოდ, დახურული იქნება. მერია დროს არ ასაჯაროებს, თუმცა როგორც მენაშენეები წერენ, მათი წარმომადგენლები  ქალაქის მერს დღის ბოლომდე შეხვდებიან.