მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალური კონსული ლევან დიასამიძე საზოგადოებას ღია წერილით მიმართავს

353

მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალური კონსული ლევან დიასამიძე საზოგადოებას ღია წერილით მიმართავს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ღრმად პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო,

მე ვარ ლევან დიასამიძე და მაქვს დიდი პატივი ქ. მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალური კონსულის უფლებამოსილების განხორციელებას შევუდგე და წარმოვადგინო ჩემი ქვეყანა გერმანიაში.
საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. მაინის ფრანკფურტში ხელს შეუწყობს საქართველოსა და გერმანიის ფედერალური მიწების, კერძოდ ჰესენის, ჩრ.რაინ-ვესტფალიას, რაინლანდ-პფალცის, საარლანდის და თიურინგიას შორის ეკონომიკური, კულტურული და საკონსულო ურთიერთობების განვითარებას.
ჩვენი გვერდის საშუალებით გვინდა გაცნობოთ გენერალური საკონსულოს მიერ შეთავაზებული სერვისების შესახებ და ამავდროულად, საქართველოს შესახებ საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციები მოგაწოდოთ.
მოგეხსენებათ საქართველოს და გერმანიას ხანგრძლივი და მჭიდრო მეგობრობა აკავშირებს. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვან ამოცანად მიმაჩნია გერმანიასთან ურთიერთობების გაღრმავება ფედერალური მიწებისა და მუნიციპალურ დონეზე. ფედერალური მიწების მთავრობებთან, პარლამენტებთან და მნიშვნელოვან ქალაქებთან კონტაქტების გამყარებით შესაძლებელია ეკონომიკური, კულტურული და სამეცნიერო ურთიერთობების ინტენსიფიკაცია. განსაკუთრებით გაზრდილია მოლოდინი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს როგორც მასპინძელი ქვეყნის უდავოდ წარმატებული გამოსვლის შემდეგ. მოხარული ვიქნები, თუ საერთო ძალებით შევძლებთ ამ მიზნების მიღწევას. 
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს და გერმანიას შორის თანამშრომლობა არამარტო სამთავრობო, არამედ რეგიონების, ქალაქების, სკოლების, უნივერსიტეტების, კომპანიების და არასამთავრობო ორგანიზაციების დონეზეც ხორციელდებოდეს და ყველა თქვენგანის დახმარებით, ისეთ სფეროებში როგორებიცაა ეკონომიკა, მეცნიერება და ტექნოლოგიები, კულტურა და სპორტი კიდევ უფრო განვითარდეს. ამავდროულად ვიმედოვნებ, რომ ულამაზეს საქართველოს მომავალში უფრო მეტი გერმანელი ესტუმრება. ჩვენი დევიზია “მეტი გერმანია საქართველოში!“
გარდა ამისა, ჩვენი მიზანია, მიუხედავად შეზღუდული რესურსებისა, საკონსულო სამსახურის სერვისების და ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება. ამისათვის მეც და გენერალური საკონსულოს თითოეული თანამშრომელი მაქსიმუმს გავაკეთებთ. 
მოხარული ვარ ვიმსახურო ფრანკფურტში გენერალური კონსულის თანამდებობაზე და სრულად ვიზიარებ მასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას. ვიმედოვნებ, რომ თითოეული თქვენგანის დახმარებით შევძლებთ გავაუმჯობესოთ გენერალური საკონსულოს მუშაობა, რისთვისაც გულითადად მინდა გთხოვოთ თქვენი თანადგომა, რჩევები და აქტიური თანამშრომლობა.” – წერს ლევან დიასამიძე.