მელბურნში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა ხოლო საპატიო კონსულად პიტერ მაკმალენი წარადგინეს

268

ავსტრალიაში, ქ. მელბურნში (ვიქტორიის შტატი) საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ვიქტორიის შტატის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წევრები და ქ. მელბურნში მცხოვრები თანამემამულეები. სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა, გიორგი დოლიძემ, რომელმაც ქ. მელბურნში საქართველოს საპატიო კონსული, პიტერ მაკმალენი წარადგინა.
საღამო მუსიკალურად გააფორმა ქ. მელბურნში არსებულმა ქართული ხალხური სიმღერების ანსამბლმა „ალილო“, რომელიც ქართველებისა და ავსტრალიელებისგან შედგება. ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდნენ.
პიტერ მაკმალენი წარმატებული ავსტრალიელი ბიზნესმენი და ფილანტროპია. ამჟამად, იგი კომპანია „მაკმალენ ჯგუფს“ ხელმძღვანელობს, რომელიც სხვადასხვა ტიპის საწარმოებს სტრატეგიული და ფინანსური მიმართულებებით რჩევებს აძლევს.
ქ. მელბურნში საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოსა და ავსტრალიას შორის ორმხრივი კულტურულ-ჰუმანიტარული, ტურისტული და ბიზნეს თანამშრომლობის განვითარებას.