მთავრობამ პარლამენტში ახალი საპენსიო რეფორმის პროექტი წარადგინა.

2285

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის – „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ იმსჯელეს.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ განმარტა, დაგროვებითი საპენსიო სისტემა შესაძლებლობას მისცემს მოქალაქეს შექმნას დანაზოგი,რომელიც პირდაპირპროპორციული იქნება წლების განმავლობაში დასაქმებულის მიერ გამომუშავებული ხელფასის და საშუალებას მისცემს მიიღოს უფრო მაღალი ჩანაცვლების კოეფიციენტი. „ფისკალური სტაბილურობის გათვალისწინებით, დაგროვებითი პენსია ყველაზე ოპტიმალურ მოდელს წარმოადგენს საპენსიო უზრუნველყოფის ადეკვატურობის გაუმჯობესების კუთხით”, – განაცხადა მომხსენებელმა.

მისი თქმით, საპენსიო შემოსავლების დივერსიფიკაცია ამცირებს საპენსიო რისკებს და აუმჯობესებს ჩანაცვლების კოეფიციენტს. საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ დაგროვებითი ხასიათის დანაზოგების სისტემას მნიშვნელოვანი როლი აკისრია მთლიან საპენსიო უზრუნველყოფაში. „დანაზოგების სისტემა პირს საშუალებას აძლევს უკეთ დაგეგმოს მომავალი საპენსიო შემოსავალი და არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ სოციალური უზრუნველყოფის პაკეტზე. გრძელვადიან პერიოდში, დაგროვებითი პენსია სოციალურ პენსიასთან ერთად მნიშვნელოვნად გაზრდის პენსიის ჩანაცვლების კოეფიციენტს”, – აღნიშნა ნიკოლოზ გაგუამ.

კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, ის მხარს უჭერს რეფორმას, „ეს რეფორმა ყველამ ერთად ძალიან კარგად უნდა განვახორციელოთ, რომ თითოეული ადამიანისთვის ღირსეული საპენსიო ასაკი იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.