მთელ ევროპაში, უფრო მეტად იმ ადამიანების მეშვეობით გვიყურებენ, რომლებიც ჩადიან და ცხოვრობენ იმ ქვეყნებში-აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი

241

მთელ ევროპაში, უფრო მეტად იმ ადამიანების მეშვეობით გვიყურებენ, რომლებიც ჩადიან და ცხოვრობენ იმ ქვეყნებში-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა პოლონეთში ვიზიტისას სტუდენტებთან შეხვედრის დროს.

„თქვენ ხართ ძალიან მნიშვნელოვანი, თქვენი აქ ყოფნა, ამ უნივერსიტეტებში, თქვენ ხართ სახე დღევანდელი საქართველოსი და თქვენით მსჯელობენ დღევანდელ საქართველოზე. ასე ხდება მთელ ევროპაში, უფრო მეტად იმ ადამიანების მეშვეობით გვიყურებენ, რომლებიც ჩადიან და ცხოვრობენ იმ ქვეყნებში, ვიდრე პრეზიდენტით ან რომელიმე მინისტრით. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვართ მეორე რანგი და პირველი თქვენ ხართ, რადგან ხშირად პოლონელებისთვის თქვენ ხართ პირველი ქართველი, რომელსაც იცნობენ და, რომელზეც აყალიბებენ თავიანთ წარმოდგენას ქვეყნის შესახებ. ამის მიხედვით შემდეგ ჩამოდიან საქართველოში“, – მიმართა სტუდენტებს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საქართველოში ბევრი პოლონელი, ევროპელი ტურისტი ჩამოდის, თუმცა მეტი უნდა ჩამოვიდეს.

„კიდევ მეტი ტურისტი გვინდა, იმ კატეგორიის მეტი ტურისტი, რომლებიც მართლაც აფასებენ ჩვენ კულტურას. ძალიან კარგია, რომ ღვინისა და კერძებისთვის ჩამოდიან, მაგრამ კიდევ უკეთესი, თუ ჩამოვლენ იმისთვის, რომ გაეცნონ ჩვენს კულტურას და მიხვდნენ, რომ ეს არის მართლაც ევროპის ნაწილი, თუნდაც შავი ზღვის იქით, მაგრამ ევროპის კულტურის განუყოფელი და ერთ-ერთი ნაწილი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.