მიგრაციის საკითხებში ბელგიის სახელმწიფო მდივანი სოზარ სუბარს შეხვდა.

991

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში სოზარ სუბარი თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სახელმწიფო მდივანი თეო ფრანკენს შეხვდა.  მინისტრის განცხადებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, ვინაიდან ბელგია საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი მხარდამჭერი და პარტნიორია ევროკავშირში. მინისტრი შეეხო ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ვიზა ლიბერალიზაციის შემდეგ, მიგრანტთა გაზრდილი ნაკადის პირველ ტალღასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. აქვე აღნიშნა, რომ სამინისტრო და სახელმწიფო უწყებები აქტიურად მუშაობენ სხვადასხვა მექანიზმებისა და პროგრამების გატარებაზე, რაც ხელს უწყობს არალეგალური მიგრაციის პრევენციასა და საზოგადოების ინფორმირებას ევროპაში თავშესაფრის პროცედურების შესახებ. მინისტრმა აღნიშნა ბელგიასა და საქართველოს შორის დიალოგის მნიშვნელობა და გამოთქვა მზადყოფნა, რომ გადაიდგას კოორდინირებული ნაბიჯები მიგრაციის მართვის კუთხით.

„ჩვენი 2015 წლის შეხვედრის შემდეგ, საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა როგორც თავშესაფრის პროცედურების გაუმჯობესებაში, ასევე ევროპასთან მდგრადი ურთიერთობების ჩამოყალიბების მიმართულებით – ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ვიზა ლიბერალიზაციის შემდეგ. მიუხედავად ამისა, ჩვენთვის ცნობილია ის გამოწვევები და წინააღმდეგობები რაც ამ პროცესებს ახლავს თან“- განაცხადა ბატონმა სოზარ სუბარმა.