მიდით არჩევნებზე და მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც აგვაშორებს ჩვენ, ჩვენს შვილებს, ოჯახებს და ქვეყანას უბედურებას – სტამბოლის ქართველთა სათვისტომოს განცხადება

217

სტამბოლის ქართველთა სათვისტომო საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ემიგრანტებს არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდებს რათა შენარჩუნდეს საქართველოს სტაბილური განვითარება , ხოლო მათი სათვისტომოს წევრმა ემიგრანტებმა სწორი არჩევანი გააკეთონ :,, ძვირფასო ემიგრანტებო, ჩვენი განსაცდელი ერთია, იქედან გამომდინარე, რომ ვიმყოფებით სამშობლოდან, ოჯახიდან, ახლობლებიდან მოშორებით, უცხო მხარეში სადაც დღითი დღე რთულდება ჩვენთვის, ემიგრანტებისთვის ისედაც რთული ყოფა-ცხოვრება.
მაგრამ კიდევ უფრო დიდია განსაცდელი, რომელიც დგას დღესდღეობით საქართველოს ყველა მოქალაქის წინაშე, ვისაც ადარდებს ქვეყნის და მომავალ თაობათა ბედი.
ჩვენ გვაქვს რთული არჩევანი, ერთის მხრივ დგას ძალა, რომლისთვისაც არ არსებობს არანაირი ინტერესი და სიყვრული საკუთარი ხალხისა თუ ქვეყნის. მათმა კარგად დაგვანახეს თავიანთი ჯალათური და მანიაკალური თვისებებით უხვად დაჯილდოვებული ბუნება.
თაობები, ათწლეულები დასჭირდება იმ ნაგვისგან საქართველოს გაწმენდას, რაც მათ დატოვეს, გათელეს ყოველგვარი ეროვნული, შებღალეს ადამიანების ღირსება, გაანადგურეს ოჯახები, თავიანთი უგნურებით დაკარგეს ტერიტორიები, გაანადგურეს საბაზრო ეკონომიკის ჩანასახი, უხეშად ცდილობდნენ და დღესაც ენერგიას არ იშურებენ შერყვნან რწმენა, ეკლესიის ხელყოფით. ეს ძალა ისევ ცდილობს, მობრუნდეს ხელისუფლებაში და ბოლომდე მიიყვანოს ერის დეგრადაცია და განადგურება.
მეორეს მხრივ გვყავს ხელისუფლება, რომელიც გვეგონა, რომ იქნებოდა ჩვენი დამცველი ამ ჯალათებისგან, მაგრამ ამაოდ. მათ მმართველობაში არის უამრავი ხარვეზი, არ არსებობს იდეოლოგია, რომლის გარშემოც მოხდება ერის კონსოლიდაცია, ვერ წარმოაჩენენ თავიანთ მცირე, მაგრამ მაინც ნამოღვაწარს, საკადრო პოლიტიკა გაუაზრებელია, საზოგადოებასთან არ ხდება სათანადო მუშაობა და ვერ უზრუნველყოფენ აუხსნან მოქალაქეებს სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სერვისები, რომელიც თითოეული მოქალაქისათვის უდავოდ სასარგებლო ძვრებს დაუდებდა სათავეს.
როცა ქვეყნის გარეთ გასულია და ემიგრაციაში ცხოვრობს საქართველოს მოქალაქეთა მესამედზე მეტი, დიასპორასთან ურთიერთობის მოწესრიგებისთვის შექმნილი სახელმწიფო სამსახურები გვთავაზობენ საკვირაო სკოლების, დისტანციური მკურნალობის და სხვა ამდაგვარი პროექტების განხორციელებას, რომელთაც საერთო ჯამში შედეგი არ მოაქვს არც ემიგრანტისთვის და შესაბამისად არც ქვეყნისთვის.
ყოველვე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დღეს ჩვენი ყველას ამოცანაა, ქვეყანა არ აცდეს მშვიდობინი განვითარების გზას, არ დაირღვეს სტაბილურობა და თანმიმდევრული პოლიტიკა ამ ჭაობიდა ამოსვლის გზაზე, რისი საფრთხეც რეალურია, თუ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წამოყენებული კანდიდატი გახდება საქართველოს პრეზიდენტი, შეუქცევადი გხდება პროცესი, რასაც საქართველოს დანაწევრება და დაკნინება ჰქვია.
გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტად ნიშნავს, საქართველოს მთავარსარდალს, რომელსაც მართავს რუსეთის სპეცსამსახურები, ვაშაძე პრეზიდენტად ნიშნავს, შეწყალებულ მერაბიშვილს, ახალაიებს, ადეიშვილს, სააკაშვილს და სხვა ჯალათებს. ვაშაძე პრეზიდენტად ნიშნავს ქაოსს და სამოქალაქო დაპირისპირებას, რომლის მასტაბის და ხანგრძლივობის განსაზღვრა ძალიან რთულია. ამიტომ გთხოვთ მიბრძანდეთ საკონსულოებში, დადგეთ აღრიცხვაზე, მიდით არჩევნებზე და მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც აგვაშორებს ჩვენ, ჩვენს შვილებს, ოჯახებს და ქვეყანას უბედურებას.
უღრმესი პატივისცემით
„სტამბოლის ქართველთა სათვისტომო“ – ს
დამფუძნებლები: ნათელა ქუდიძე, ნინო ფინსი, ნანა კლდიაშვილი, მაია კობაიძე, პაატა ნადირაძე