მიხეილ სარჯველაძე რადიოგადაცემა ,,მიგრაციის მარშრუტების” დახურვას არასწორ ნაბიჯად მიიჩნევს

302

გერმანიაში მცხოვრები ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი მიხეილ სარჯველაძე  საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ რადიოგადაცემა ,,მიგრაციის მარშრუტების” დახურვას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ,,გაუგებარია თუ რატომ დახურა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რადიოგადაცემა ,,მიგრაციის მარშრუტები”, რომელიც ქართველ ემიგრანტებს და საქართველოს შორის მნიშვნელოვან დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენდა.

გაუგებარია, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დიასპორა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენს კულტურის, მეცნიერების თუ ფინანსების მხრივ. საზოგადოების დიდი ნაწილი, სწორედ დიასპორის გადარიცხვებზეა დამოკიდებული, რადგან საქართველო არ არის სოციალური სახელმწიფო და ვერ უზრუნველყოფს საკუთარი მოქალაქეების ღირსეულ ცხოვრებას. ეს ეხება სკოლის მოსწავლეებს,, რომელთა მშობლებიც სხვა ქვეყანაში ცხოვრობენ წლების მანძილზე, რომ კვების, წიგნების თუ რეპეტიტორის (რადგან სასკოლო სისტემა ვერ უზრუნველყოფს სათანადო განათლების მიცემას) თანხა გადაიხადონ. ეს ყველაფერი ასევე ეხება სტუდენტებს, რომლებსაც უცხოეთში გადახვეწილი მშობლები სწავლის იმ გადასახადს უხდიან, რომელიც როგორც წესი არ შეესაბამება განათლების ხარისხს, რომლესაც ეს ხალხი იღებს ქართულ უნივერსიტეტებში.

რაც უფრო ნაკლებად აქვს ემიგრაციაში მყოფ ადამიანს შეხება საკუთარ ქვეყანასთან, ბუნებრივია მით უფრო სწრაფად იწყება გაუცხოების პროცესი. შესაძლოა ადამიანს მხოლოდ ოჯახის წევრებთან ჰქონდეს კომუნიკაცია, მაგრამ თუ ის ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიღმა დარჩა, არ შეინარჩუნა კავშირები საზოგადოების დანარჩენ ნაწილთან, ვერ ისაუბრა საკუთარ პრობლემებზე თუ რატომ დატოვა ქვეყანა, ან იდეებზე, თუ რა შეიძლება გაუმჯობესდეს, ბუნებრივია ამ ადამიანს საქართველო დროთა განმავლობაში დაკარგავს. ქვეყანამ რომ რესურსი არ დაკარგოს ეს პირველ რიგში ქართული საზოგადოების ინტერესს უნდა წარმოადგენდეს, იმ საზოგადოების, რომელიც აფინანსებს საზოგადოებრივ მაუწყებელს…

ამიტომ არალოგიკურია, როცა სათანადო ალტერნატივის გარეშე და იმ მოტივით, რომ გადაცემა არ არის აქტუალური დახურეს ,,მიგრაციის მარშრუტები” მაშინ როცა ქვეყანას უახლეს ისტორიაში ალბათ ყველაზე მეტი ემიგრანტი ჰყავს და მხოლოდ ემიგრანტებზე ორიენტირებული ბევრი სხვა გადაცემა არ არსებობს. ჩემთვის ყოველთვის ძალიან სასიამოვნო იყო ამ გადაცემაში მონაწილეობის მიღება პირველ რიგში გადაცემაზე მომუშავე ადამიანების მიერ გამოჩენილი ინტერესის და თემების გამო. იმ თემების მცირე ჩამონათვალი რომელზეც სხვადასხვა დროს ვისაუბრებთ: ახალგაზრდა ელჩების პროგრამა და ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტები, უვიზო მიმოსვლა და პრობლემები, რომელიც ამოქმედების შემდეგ წარმოიშვა, ქართული და გერმანული აკადემიური სივრცის შედარება, წარსულის გააზრების მნიშვნელობა, დიასპორული ორგანიზაციები და მათი მნიშვნელობა საქართველოს პოპულარიზაციის საქმეში.

P.S. თუმცა არ მიკვირს, რადგან არ არის პირველი ან უკანასკნელი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გადაცემა, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დახურა. უახლეს მაგალითს “წითელი ზონა” წარმოადგენს.” -წერს გერმანიაში მოღვაწე ახალგაზრდა ქართველი ფილოსოფოსი.