მხოლოდ ფინანსური სარგებლის მიზნით უკანონო მიგრაციის პროცესის ორგანიზება ხდება დასჯადი-თამარ ჩუგოშვილის განმარტება

188

ფინანსური სარგებლის მიზნით უკანონო მიგრაციის პროცესის ორგანიზება დასჯადი ხდება – ახალი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის მიერაა ინიცირებული. „ძალიან ბევრი ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, რომელმაც საქართველოს კარი გაუხსნა და ვიზების გარეშე შესვლის უფლება მისცა, იმ ფაქტით შეწუხებულია, რომ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობა საკმაოდ მაღალია და ძალიან ხშირად ევროპის ქვეყნების ჰუმანური მექანიზმების გამოყენება ბოროტად ხდება.

იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას უვიზო მიმოსვლის კუთხით არანაირი პრობლემა არ შეექმნას და ის დიდი მონაპოვარი რაც გვაქვს შევინარჩუნოთ, აუცილებელია, პარტნიორ ქვეყნებს ვაჩვენოთ, რომ კრიმინალური საქმიანობის ფორმებით ჩვენი მოქალაქეების გადაყვანას და არალეგალებად დარჩენას არ დავუშვებთ. ამისთვის ჩვენ კანონპროექტის ინიცირება მოვახდინეთ, რომელიც სრულიად პასუხობს დასავლური ქვეყნების მოთხოვნებს. პროექტში საუბარია იმაზე, რომ თუ კი რომელიმე ორგანიზაცია ან ადამიანი ფინანსური სარგებლის მიზნით არაკანონიერ, უკანონო მიგრაციის პროცესებს აორგანიზებს, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, ზღვარი სწორედ სარგებლის მიღებაზე გადის.„ეს გამოძიების საკითხია. რომელიმე კომპანია თუ არსებობს, რომელიც ადამიანებს მოუწოდებს, სხვადასხვა ქვეყნებში არალეგალებად და თავშესაფრის მაძიებლებად წავიდნენ, ეს უკანონო საქმიანობაა და ქვეყანაში არსებული კონკრეტული სისხლის სამართლის სტანდარტებით თუ დაუმტკიცდებათ, რომ ასეთ უკანონო საქმიანობას მართლაც ახორციელებენ, მათ მიმართ პასუხისმგებლობა დადგება. ეს აუცილებელი ზომაა და მინდა, ეს ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად გაიგოს. ჩვენმა პარტნიორმა ქვეყნებმა ძალიან დიდი ნაბიჯი გადმოდგეს საქართველოს კეთილგანწყობით. მათ კარი გაგვიღეს და საქართველოს მოქალაქის პასპორტს უდიდესი ძალაუფლება მიანიჭეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი უპასუხისმგებლო ქმედებებით ეს მნიშვნელოვანი მონაპოვარი არ დავკარგოთ. მნიშვნელოვანია, პარტნიორ ქვეყნებს დავანახოთ, რომ ქვეყანა არალეგალურ მიგრაციას ხელს არ უწყობს. ამ თემაზე კანონპროექტი ინიცირებული იყო, რომელიც ჩემი აზრით, ძალინ ხისტ ზომებს გულისხმობდა, რაც საბაჟო კონტროლზე კონკრეტული უწყების წარმომადგენლებისთვის იმის უფლებამოსილებას ითვალისწინებდა, რომ მათ გაშვებაზე უარი ეთქვათ. ეს ზედმეტი და არაპროპორციული ჩარევა იქნებოდა, ამ ვერსიაზე უარი ვთქვით. ამ კანონპროექტის გაწვევა ან ჩაგდება მოხდება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

🔊სტუმრად საქმიანი დილის ეთერში თემაზე:👉სასჯელი უკანონო მიგრაციის ორგანიზებისთვის

Gepostet von თამარ ჩუგოშვილი / Tamar Chugoshvili am Montag, 11. März 2019