რატომ აჯარიმებენ ქართველ მძღოლებს თურქი სამართალდამცველები 180 ევროთი და მანქანის ჩამორთმევით

847

ქართული სანომრე ნიშნების მქონე მიკროავტობუსებს თურქეთის ტერიტორიაზე 1-ლი აგვისტოდან დააჯარიმებენ. როგორც გაზეთი „რეზონანსი” წერს, ჯარიმის ოდენობა 180 ევროა, პლუს 15 დღით ავტოსადგომზე იძულებითი გადაყვანა. ქართული მხარის თქმით, მოლაპარაკების რესურსი ამოწურულია და კანონის ამოქმედბა გარდაუვალია, რადგან ასეთია თურქეთის პოზიცია. ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტები მოლაპარაკების პროცესში ეკონომიკის სამინისტროს მყისიერად ჩართვის აუცილებლობაზე საუბრობენ.

თურქეთის ტერიტორიაზე ქართული ავტომობილები პირველი აგვისტოს შემდეგ დაჯარიმდებიან. მიზეზი, 1992 წლის 30 ივლისს ქ. თბილისში ხელმოწერილი „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის საერთაშორისო საგზაო მიმოსვლის შესახებ” ხელშეკრულებით -კლასი Mმ1 (მინივენი), ატეგორია „ბე”,მგზავრთა რაოდენობა (7+1) ავტომნაქანების რეგულაცია არ არის გათვალისწინებული. შესაბამისად, მათიკომერციული საქმიანობა რეგულირდება ადგილსამყოფელი ქვეყნის შიდა კანონმდებლობით. თურქული კანონებით, ამგვარ ტრანსპორტს სპეციალური ნებართვა სჭირდება. ნებართვის არარსებობის შემთხვევაში ჯარიმა 180 ევრო და 15 დღით მანქანის საჯარიმო სადგომზე გადაყვანაა.

პრობლემა რამდენიმე დღეა, გაჩნდა. ქართული კომპანიების კუთვნილ მიკროავტობუსებს, რომლებსაც მგზავრები ბათუმიდან თურქეთის სხვადასხვა ქალაქში გადაჰყავთ, სარფის საბაჟოზე პრობლემები ექმნებათ. კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თურქული მხარე მათ მიკროავტობუსებს თურქეთში ფაქტობრივად, აღარ უშვებს. არადა, სწორედ ეს მანქანებია თურქეთის ტერიტორიაზე მომუშავე ქართველებისათვის გადაადგილების საშუალება. მძღოლებმა აქცია 19 ივლისს გამართეს. საქართველოს გენერალური საკონსულო

ტრაპიზონში აცხადებს, რომ მათი „რესურსი ამ ეტაპზე ამოწურულია და თურქულმა მხარემ რომც მოინდომოს, მაინც ვერაფერს გააკეთებს  საჭიროა ცვლილებები კანონში”. საქართველოს გენერალურმა საკონსულომ ქ. ტრაპიზონში თურქეთის ტერიტორიაზე „მინივინ კლასის” ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგულაციასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„1992 წლის 30 ივლისს ქ. თბილისში ხელმოწერილი „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის საერთაშორისო საგზაო მიმოსვლის შესახებ~ ხელშეკრულებით – კლასი Mმ1 (მინივენი), კატეგორია „ბე”, მგზავრთა რაოდენობა (7+1) ავტომანქანების რეგულაცია არ არის გათვალისწინებული. შესაბამისად, მათი კომერციული საქმიანობა რეგულირდება ადგილსამყოფელი ქვეყნის შიდა კანონმდებლობით.

ჩვენ მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, 2016 წლიდან დღემდე სანქციები არ გამოიყენებოდა საქართველოს მოქალაქეთა მიმართ, მაგრამ საჩივრების საფუძველზე, ბოლო პერიოდში თურქეთის ტერიტორიაზე დაკავებულ იქნა საქართველოს მოქალაქეთა კუთვნილი ავტომანქანები, რომლებიც ეწეოდნენ უნებართვო მგზავრთა გადაყვანას საქართველოდან თურქეთში.

თურქეთში არსებული რეგულაციების თანახმად, უნებართვო კომერციული საქმიანობა და მგზავრთა გადაყვანა ისჯება ადმინისტრაციული ჯარიმით 1003 თურქული ლირის ოდენობითა (180 ევრო) და 15 დღით ავტოსატრანსპორტო საშუალების საჯარიმო სადგომზე გადაყვანით.
არსებული ვითარების დარეგულირების მიზნით, გენერალური საკონსულო კვლავაც აგრძელებს მუშაობას ართვინის ვილაიეთის გუბერნატორის შესაბამის სამსახურებთან და მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, სამართალდარღვევასთან დაკავშირებით, ერთი თვის განმავლობაში დაკავებული იქნა 7 ავტომანქანა. აქედან დღეისათვის 5 სატრანსპორტო საშუალება გამოსულია საჯარიმო სადგომიდან და დაბრუნდა სამშობლოში”, – ნათქვამია საკონსულოს მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი მოლაპარაკების პროცესში ეკონომიკის სამინისტროს ჩართვის აცუილებლობაზე საუბრობს. საკონსულოს ოფიციალურ გაცხადებას ის შერბილებულ რეალობას უწოდებს, რადგან სხვაგვარია საბაჟოზე თვითმხილველთა მონათხრობი.

„გასაგებია, რომ რადგან ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული მინივენების საკითხი, ამიტომაც თურქეთს მის ტერიტორიაზე აქვს უფლება, გადაწყვიტოს საკუთარი ადმინისტრაციული წესით. სიმართლე გითხრათ, ცოტა ბუნდოვანია, რა ტიპის რეგისტრაციას მოითხოვს მეზობელი ქვეყანა. ამიტომაც აუცილებლად ვთვლი არა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დონეზე საკითხში ჩარევას, არამედ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ჩართვას.

რა იგულისხმება რეგისტრაციაში, სად უნდა დარეგისტრირდნენ? საკმარისი იქნება, რომ ქართულმა მხარემ ჩვენს ტერიტორიაზე მოაწესრიგოს? – ეს ამ დრომდე პასუხგაუცემელი კითხვებია.
უნდა გაირკვეს 1992 წელს მიღებული ხელშეკრულების საკითხიც, შეიძლება, ის გადასახედი ან შესაცვლელია ან, თუ არ შეიცვლება, დამატებით უნდა მოხდეს განსაზღვრება.

საინტერესოა, ეს ყველაფერი ხომ არ გამოიწვია იმან, რომ მათი დიდი უმრავლესობა მარჯვენასაჭიანია? ფაქტია, ეს სფერო საქართველოში სრულად დერეგულირებულია, დაახლოებით ისე, როგორც ტაქსები.

ისე კი, ალბათ ჩვენც მოგვიწევს უკვე იმაზე მსჯელობა, თუ რომელ ქვეკატეგორიაში და როგორ სატრანსპორტო საშუალებად უნდა დარეგისტრირდეს მინივენი.

უნდა ითქვას, რომ საკონსულოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია შერბილებულია და არ ასახავს სრულ რეალობას. ამიტომ სახელმწიფო სასწრაფოდ უნდა ჩაერთოს მოლაპარაკებებში”, – აცხადებს „რეზონანსთან” მესხიშვილი.

„ბათუმელების” ინფორმაციით, მარტო ბათუმში 8 გადამზიდავი კომპანიაა, რომლებსაც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის მრავალჯერადი ნებართვა აქვს. თითოეული კომპანიის მინიმუმ 10 მანქანა მაინც გადის ხაზზე რიზეს, ტრაპიზონისა და ხოფის მიმართულებით. მიკროავტობუსის მძღოლები თურქეთის საბაჟოზე არსებულ კორუფციაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ 20-30 ლარის გადახდის შემთხვევაში მათ უპრობლემოდ ატარებს თურქული მხარე.

თამარ მუკბანიანი
გაზეთი „რეზონანსი”