რეზონანსის ინფორმაციით თურქეთში ემიგრანტების ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა და საქართველოში ფულადი გზავნილები მცირდება.

790

საქართველოს მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე დევალვაცია იქ მყოფი ქართველი ემიგრანტების შემოსავლებზე აისახა.
ისინი ამბობენ, რომ ოჯახებს იმდენს ვეღარ უგზავნიან, რამდენსაც – თუნდაც 2 თვის წინ. როგორც გაზეთი „რეზონანსი” წერს, ეს, ერთი მხრივ, მათ სოციალურ მდგომარეობას დაამძიმებს, ხოლო, მეორე მხრივ, ქვეყანაში გადმორიცხულ ფულად ნაკადს შეამცირებს და, გარკვეულწილად, ლარის სტაბილურობაზეც იმოქმედებს.

თურქული ლირა და რუსული რუბლი დოლართან მიმართებით პოზიციებს თმობენ. ორივე ქვეყანაში დევალვაცია და ინფლაციაა. ყველაზე მეტი ემიგრანტი საქართველოდან სწორედ თურქეთსა და რუსეთშია. მათი მდგომარეობა თანდათან უარესდება. სპეციალისტებიც ადასტურებენ, რომ მეზობელ ქვეყნებში არსებული

მდგომარეობა ქართველ ემიგრანტებსა და მათი ოჯახის წევრებს გადმორიცხული თანხების ოდენობას შეუმცირებს და სოციალურ მდგომარეობას დაუმძიმებს.

საბანკო სფეროს ექსპერტი ვახტანგ ხომიზურაშვილი “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ რეგიონული ვალუტები მკვეთრად უფასურდება და იქ მყოფი ქართველი ემიგრანტების შემოსავლებზე ნეგატიურად აისახება. საქართველოში მყოფი ოჯახების მდგომარეობას ართულებს ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციაც, რომლის შედეგადაც მოსახლეობა დაუდასტურებელი შემოსავლის გარეშე საქონლის შეძენას ვერ ახერხებს.

“მე ერთხელ უკვე აღვნიშნე

და ახლაც გავიმეორებ, რომ რეგიონული ვალუტები სავაჭრო ურთიერთობებში ნაკლებად მონაწილეობენ. ყველგან სავაჭრო კონტრაქტი იდება დოლარსა და ევროში. რაც შეეხება უშუალოდ ფულად გზავნილებს, ნეგატიური გავლენა მოსალოდნელი იყო და ამას ამჯერადაც ვადასტურებ. თურქეთსა და რუსეთში მომუშავე ხალხი ანაზღაურებას ადგილობრივ ვალუტაში იღებს. მერე ისინი იქვე ყიდულობენ დოლარს და აგზავნიან. აქედან გამომდინარე, ის შემოსავალი, რასაც იღებენ მათი ოჯახის წევრები ტრანზაქციებიდან, თავისთავად შემცირდება. ეს უკვე ნიშნავს მათი ცხოვრების დონის გაუარესებას.

დღესდღეობით ფუნდამენტური ფაქტორი, რამაც თურქეთში ლირის გაუფასურება გამოიწვია, არის წმინდა პოლიტიკური. ეს შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ მოკლე პერიოდში ვერ მოხდება. შესაბამისად, იქ სამუშაოდ წასული ქართველების მდგომარეობა მალე ვერ გამოსწორდება.
ცალსახად ნათელია, რომ ფულადი ტრანზაქციები შემცირდება, ვინც თვიდან თვემდე ამ გადმორიცხვებს ელოდება, ისინი სულ უფრო ნაკლებ შემოსავალს მიიღებენ.

საქართველოში დარჩენილ ემიგრანტთა ოჯახებს სხვა პრობლემაც გაუჩნდათ. საუბარია ეროვნული ბანკის ახალ რეგულაციაზე დაუდასტურებელ შემოსავალთან დაკავშირებით. ვერც ერთი ასეთი პირი განვადებით ვეღარ ისარგებლებს, სესხს ვეღარ მიიღებს. ისინი ხელფეხშეკრულნი დარჩნენ. მათ მხოლოდ უნდა მიიღონ ოჯახის წევრის გამოგზავნილი ფული და დახარჯონ. ასეთი მიდგომა, გარკვეულწილად, ნეგატიურ გავლენას მოახდენს ცხოვრების დონეზე.

რაც შეეხება საბერძნეთს, რუსეთს, საიდანაც ძირითადი ტრანზაქცია ხორციელდება, უნდა დავაკვირდეთ ამ ქვეყნებში ვალუტის კურსს. არ მგონია, რომ გაუფასურება დიდი ხნით გაგრძელდეს, მაგრამ ვითარებაც მალე რომ ვერ გამოსწორდება, ესეც ფაქტია”, – განუცხადა “რეზონანსს” ხომიზურაშვილმა.

თურქეთში მომუშავე ქართველ ემიგრანტებს ლირის დევალვაცია დიდ პრობლემებს უქმნის. “რეზონანსი” სტამბოლში მყოფ ინგა მაღალაშვილს დაუკავშირდა. როგორც მან აღნიშნა, ლრის გაუფასურებამ საკმაოდ ცუდად იმოქმედა მის შემოსავალზე, რადგან უკვე ნაკლებს რიცხავს საქართველოში, ვიდრე თუნდაც თვეების წინათ.

“თურქეთში ვარ 5 წელია, შვილები ბებიასთან მყავს დატოვებული. ერთი წელს ამთავრებს სკოლას, მეორე კი მე-10 კლასშია. მათი ერთადერთი მარჩენალი მე ვარ. ბებიამისის პენსიას არც ვთვლით შემოსავლად, რადგან თავად მას არ ჰყოფნის წამლებისთვის. 5 წელია, ყოველთვე ვაგზავნი საქართველოში ფულს, რომ ჩემს შვილებს შევუქმნა ელემენტარული პირობები.

ბოლო დროს ლირის მერყეობამ დოლართან მიმართებით საკმაოდ ნეგატიურად იმოქმედა ჩემს შემოსავალზეც. მართალია, აქ ოჯახში ვცხოვრობ, არც გზისა და კვების ფული და არც სახლის ქირის ფული არ მეხარჯება, მაგრამ ლირის გადახურდავების შემდეგ მაინც იმაზე ნაკლებს ვაგზავნი საქართველოში, ვიდრე თვეების წინ ვაგზავნიდი. საბოლოოდ ეს ჩემი ოჯახის მდგომარეობაზე ცუად ისახება. თუ კიდევ დაეცა აქ ლირა, მაშინ აღარ ვიცი, რა მეშველება, რადგან მეც გამიჭირდება თავის შენახვა”, – განუცხადა “რეზონანსს” ინგა მაღალაშვილმა.

ნათია ლომიძე
წყარო: გაზეთი “რეზონანსი”