საგარეო საქმეთა სამინისტრო „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების“ პროგრამას იწყებს

3167

  2018 წლის 18 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იწყებს „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების“ პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების“ პროგრამა საშუალებას აძლევს საზღვარგარეთ მცხოვრებ ახალგაზრდებს, ერთწლიანი მანდატით, გახდნენ „ახალგაზრდა ელჩები“ და ხელი შეუწყონ საქართველოს პოპულარიზაციას ადგილსამყოფელ ქვეყნებში.

„ახალგაზრდა ელჩების“ მთავარი ამოცანაა კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებების განხორციელების საშუალებით, ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირება საქართველოს  ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და ისტორიის შესახებ და საქართველოს უცხოელ ახალგაზრდა მეგობართა ქსელის გაფართოება.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ ამერიკის შეერთებული შტატებში, ბელგიის სამეფოში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაში, თურქეთის რესპუბლიკაში, პოლონეთის რესპუბლიკაში, შვედეთის სამეფოში,  საფრანგეთის რესპუბლიკაში,  ესპანეთის სამეფოში, იტალიის რესპუბლიკაში,  უკრაინაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოში, საბერძნეთის რესპუბლიკაში ისრაელის სახელმწიფოში, ნიდერლანდების სამეფოსა და ავსტრიის რესპუბლიკაში მოღვაწე 18-დან 29-წლამდე საქართველოს მოქალაქეებს.

კონკურსის შედეგად შერჩეული „ახალგაზრდა ელჩების“ მონაწილეობით საქართველოში გაიმართება, ახალგაზრდა ელჩების ამბასადორიალი, რომლის ფარგლებშიც „ახალგაზრდა ელჩები“ წარმოადგენენ საკუთარ ინიციატივებსა და ერთი წლის სამოქმედო გეგმას. ასევე, შეხვდებიან კულტურის, პოლიტიკის, ეკონომიკის, დიპლომატიური და სხვა სექტორების წარმომადგენლებს.

პროგრამაში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და განაცხადის შესავსებად იხილეთ:

  1. საქართველოს ახალგაზრდა ელჩების პროგრამა
  2. საკონკურსო განაცხადის ფორმა

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

ტელ.: (+995 32) 2945000(შიდა – 3102, 3103).