საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის ორი მოადგილე ახალმა კადრებმა შეცვალეს

216

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ბრძანებით, საგარეო საქმეთა მინისტრის ორი მოადგილე – გიორგი შარვაშიძე და ზვიად გონაძე – თანამდებობიდან გათავისუფლდნენ.

მათ ნაცვლად, დავით ზალკალიანის მოადგილეებად მიხეილ ნინუა და ალექსანდრე ხვთისიაშვილი დაინიშნენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ალექსანდრე ხვთისიაშვილი კარიერული დიპლომატია. მინისტრის მოადგილედ წარდგენამდე, 2015 წლიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 2011-2014 წლებში ის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის უფროსი მრჩეველი იყო, ხოლო 2010-2011 წლებში – საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის უფროსი მრჩეველი. სხვადასხვა დროს ალექსანდრე ხვთისიაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ევროკავშირის პოლიტიკის ანალიზისა და პროგრამების კოორდინაციის სამმართველოს უფროსი და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციების სამმართველოს მრჩეველი იყო.

რაც შეეხება მიხეილ ნინუას, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2005-2006 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში მუშაობდა; მას შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობები ეკავა. მიხეილ ნინუა სხვადასხვა დროს ფოთის პორტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იყო.

2010 წელს საქმიანობა განაგრძო კანადურ-ბრიტანულ ნავთობსაძიებო კომპანია „Tethys Petroleum Limited” – ში, სადაც ჯერ ტაჯიკეთში არსებული კომპანიის წარმომადგენლობას ხელმძღვანელობდა, ხოლო 2013 წლიდან 2016 წლამდე წარმოადგენდა ზემოთაღნიშნულ კომპანიას ყაზახეთის რესპუბლიკაში.

2015-2017 წლებში გახლდათ ტაჯიკეთის რესპუბლიკის ნავთობ-საძიებო კომპანიის „Skyland Petroleum Group” საოპერაციო დირექტორი; 2017 წლიდან კი, კომპანია „Avenue Construction Georgia”-ის დირექტორი.

2007 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი. მიხეილ ნინუა მინისტრის მოადგილის რანგში საქმიანობას 2018 წლის 5 ნოემბრიდან შეუდგება.