ემიგრანტს სანამ ქვას ესროდეთ … – სალომე ბურდულის მონოლოგი

672

სამწუხაროდ, ქართველები ძალიან ცოტას წერთ და საუბრობთ ემიგრანტ ქალებზე და თუ საუბრობთ ყურადღებას მხოლოდ მათი ცხოვრების ნეგატიურ ასპექტებზე ამახვილებთ. ემიგრანტი ვარ და პირადად მე ბევრი რამ მწყენია ამ „ფსევდო“ პატრიოტების უადგილო საუბრებით. 
-შენ ხარ პატიოსანი მოქალაქე? სად გაიქეცი? შენ რა პატრიოტი ხარ? ვის უტოვებ შვილებს, დედას, ოჯახის წევრებს…
შეიძლება ხმამაღალი ნათქვამი იყოს, მაგრამ მეცოდება ჩემი სამშობლო, რომელიც ერთ დროს დიდი შეძლების ქვეყანა იყო. მეცოდება ამდენი უგუნურის და ფსევდო პატრიოტის ხელში რომ არის. სწორედ ამ უგუნურებმა აქციეს საქართვლო იმ ქვეყანად სადაც აღარც ერთგულებაა არც სიყვარული და არც ერთმანეთის გვერდში დგომა. ჩემი საქართველოს დატოვების მიზეზი შესაძლოა იყო მატერიალური პრობლემებიც მაგრამ დღეს რომ საქართველოში ვყოფილიყავი მხოლოდ ამ მიზეზით არ დავტოვებდი ჩემს სამშობლოს. ეს არის ქვეყანა სადაც ირგვლივ აგრესია და ტოტალური უსამართლობა სუფევს. ვხედავ ძალიან ბევრ უსამართლობას. ამ ქვეყანაში რეჟიმი მომართულია ადამიანის თავისუფლების წინააღმდეგ და არა მის დასაცავად. ვფიქრობ ურიგო არ იქნებოდა სამართლიანი სასამართლო დაკვეთა, თანასწორობის კანონის წინაშე და ადამიანის ბუნებრივი უფლებების დაცვა და ხელშეუხებლობა. ძალიან დიდი პროტესტის გრძნობა დამიგროვდა მთელი ამ დროის განმავლობაში. ძალიან რთულია შეეგუო ემიგრანტობას, შეეგუო ამ გარემოს. ადგილობრივებისთვის მაინც უცხო სხეული ხარ. თუნდაც არაფერი გაკლდეს, ოჯახი, ფული, გართობა, ეს შენი ქვეყანა არ არის! თუმცა უცხო ქვეყანაში პოულობ წესრიგს, რომალსაც თავად ხალხი ქმნის ყოველდღიურ ყოფა- ცხოვრებაში. ძალიან ბევრ ქართველ ემიგრანტთან მაქვს მე პირადად შეხება, რომლებსაც არცთუისე სახარბიელო ფსიქიკური მდგომარეობა აქვთ. აქ არც ლანგარზე გამზადებული სამსახურებია და არც ევროები ცვივა ციდან. ყველა ემიგრანტის სიტუაცია არის ინდივიდუალური. ქართველი ემოგრანტების უმეტესობა გულგატეხლია, რომ სხვა ქვეყანაში მეტი წარმატება შეუძლიათ მოიპოვონ ვიდრე სამშობლოში. 

ემიგრანტების რეალობა ასეთია: თავდაუზოგავი შრომა, ბევრი დამცირება,მუშაობა მოსამსახურედ, ბავშვებისა და მოხუცების მომლელად. ზოგს დღის შუქზე გამოსვლისაც ეშინია, რადგან არალეგალია. არ ვსაუბრობ ერთეულებზე, ვინც აქ თავის პროფესიით მუშაობს. ქართველ ემიგრანტებს საბერძნეთში მხოლოდ საელჩოს იმედი გვაქვს, მაგრამ საბერძნეთის ქართული საკონსულო ყველაფრითაა დაკავებული, გარდა იმისა, რომ ხალხს ყურადღება მოგვაქციოს. ეკონომიკური მიზეზის გარდა შესაძლოა ემიგრაცია განხორციელდეს პოლიტიკური მიზეზებით. რეპრესიის შიში ან გაბატონებული რეჟიმისათვის ლოიალობის გამოცხადების აუცილებლობა აიძულებს მოქალაქეებს თავი შეაფარონ სხვა ქვეყანას. უმეტეს შემთხვევაში, წასვლის მიზეზი მატერიალური სიდუხჭირეა. თუმცა ვერანაირი მატერიალური კეთილდღეობა ვერ გადაწონის იმ სულიერ ტკივილს, რასაც ემიგრანტი განიცდის. ვისაც არასოდეს უტარებია ემიგრანტობის ტვირთი, მისთვის ძნელია გულთან ახლოს მიიტანოს ის ტკივილი, მათ მხოლოდ შეუძლიათ დაგვდონ ბრალი არაპატრიოტიზმში. ჩვენ ემიგრანტებს, გვეშინია იმ მანძილის დანახვა რომელიც სამშობლოდან და ოჯახებიდან გვაშორებს.
 მოგმართავთ თქვენ! ფსევდო პატრიოტებო, რომლებიც უკვე გასამართლებულებს სასამართლოს გვიწყობთ, იცით რას ნიშნავს როდესაც უბრალოდ უნდა ადგე და წახვიდე? წახვიდე ისე რომ უკან არ მოიხედო, იცით რას ნიშნავს როდესაც შვილს მძინარეს ემშვიდობებით. ჩვენ ვსუნთქავთ-მაგრამ არ ვარსებობთ. ვარსებობთ- მაგრამ არ ვცხოვრობთ. თვალები ამბობენ ყველაფერს და არა ბაგეზე მოკრძალებული ღიმილი. ემიგრანტს სანამ ქვას ესროდეთ მანამ მათი აღმართები აიარეთ, მანამდე მათი ტკივილი გაიზიარეთ… ყოველთვის გამოჩნდება ადამიანი რომელიც ქვას გესვრით. ახლა ვიღაც გამოდგება და ემიგრანტის განმარტებას სახეში ამაფარებს. -ემიგრანტი ეწოდება ადამიანს, რომელიც თავის ქვეყანაში პოლიტიკური წყობის შეცვლის და დევნის საშიშროების გამო ტოვებს
ი ძ უ ლ ე ბ ი თ თავის ქვეყანას. -ჩვენ ჩვენი ნებით არ წავსულვართ! მოგვეცით საშუალება დაბრუნების და დავბრუნდებით… სამწუხაროდ, ჯერჯერობით საქართველოში არ არსებობს პოლიტიკა, რომელიც ემიგრანტების დაბრუნების პროცესს ორგანიზებას გაუწევს…

ავტორი : სალომე ბურდული