სალომე ზურაბიშვილის ახალი გზავნილი ქართულ დიასპორას

443

დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დიასპორის წარმომადგენლებს მიმართავს.  მიმართვა სალომე ზურაბიშვილის Facebook-ის გვერდზე გავრცელდა. ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში დიასპორის წარმომადგენლების ინტერესების დამცველი იქნება.

„მოგმართავთ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, როგორც ემიგრაციაში დაბადებული და გაზრდილი ქართველი, როგორც სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქე და როგორც თქვენი მომავალი პრეზიდენტი. ვიქნები თქვენს გვერდით და პირველივე დღიდან თქვენი ინტერესების დამცველი საპრეზიდენტო რანგში, როგორც ვიყავი საპარლამენტო ტრიბუნიდან. თქვენ იცით, რომ ხუთი წლის წინ დავიწყეთ მე და სხვა ემიგრანტებმა ბრძოლა, რათა შეცვლილი ყოფილიყო კონსტიტუციაც და კანონმდებლობაც, რომელიც გვიკრძალავდა ორმაგ მოქალაქეობას. ეს ბრძოლა შედეგიანად დასრულდა. დღეს უკვე კონსტიტუცია შეცვლილია”, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

მისივე თქმით, საკმაოდ დამაფიქრებელი ფაქტია, რომ დაახლოებით მილიონ ნახევარი ემიგრანტებიდან მხოლოდ 45 ათასი არის დარეგისტრირებული და მათ შორის ძალიან მცირე პროცენტმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.

„ეს ციფრები იმის მანიშნებელია, რომ არსებობს ერთგვარი გულგრილობა ქვეყნის შიგნით მოვლენების განვითარების მიმართ და საჭიროა, რომ გაძლიერდეს თქვენი პოლიტიკური ჩართულობა”,- განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

ზურაბიშვილმა იმ ინიციატივებზეც ილაპარაკა, რომლის განხორციელებასაც პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში გეგმავს. მისი თქმით, ერთი ასეთი ინიციატივა ადმინისტრაციასთან არსებული საკოორდინაციო საბჭოა ემიგრანტულ ორგანიზაციებთან ერთად, რომელშიც საპატრიარქო უნდა იყოს ჩართული. ასევე, დიასპორის სახლის შექმნის ინიციატივა, სადაც თავს მოიყრის ყველა ის ინფორმაცია, რაც ემიგრანტებს დასჭირდებათ.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს ჩატარდება. პირველი ტური – 28 ოქტომბერს გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მიმართვა ქართულ დიასპორას.

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მიმართვა ქართულ დიასპორას.

Опубликовано სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili Четверг, 15 ноября 2018 г.