საქარათველოში უმუშევრობა ბოლო 15 წელიწადში ყველაზე დაბალია

80

2018 წელს, 2017 წელთან შედარებით აქტიურობის დონე ქალებში 2.6%-ით, კაცებში 1.0% პუნქტით არის შემცირებული. უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე კვლავ 20-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში ფიქსირდება (30.8%). ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალი 65+ ასაკობრივ ჯგუფშია.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგების თანახმად  ბოლო ცხრა წლის განმავლობაში უმუშევრობის დონე მცირდება, ბოლო 15 წლის განმავლობაში კი ამ მაჩვენებელმა ყველაზე დაბალ ნიშნულს 2018 წელს მიაღწია.

2018 წელს ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 63.9% შეადგინა.

რაც შეეხება ქალაქის ტიპის დასახლებებს, აქ დასაქმების დონე გასულ წელთან შედარებით 1.2%-თ, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 3.4%-ით არის გაზრდილი.

საქსტატის ინფორმაციით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2018 წელს ეს მაჩვენებელი კაცებში 2.7% პუნქტით აღემატებოდა ქალების შესაბამის მაჩვენებელს. ამასთან, აღნიშნული მაჩვენებელი 2018 წელს 2017 წელთან შედარებით ქალებში 1.5%-ით, ხოლო კაცებში 1.1% პუნქტით შემცირდა.

თვითდასაქმებულების რაოდენობა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კლების ტენდენცია შეინიშნება. 2018 წელს პირველად დაქირავებულთა რაოდენობამ თვითდასაქმებულებს გადააჭარბა. საქალაქო დასახლებებთან შედარებით უმუშევრობის დონე სასოფლო დასახლებებში გაცილებით დაბალია.

საქსტატის ინფორმაციით, 2018 წელს დაქირავებულთა წილმა დასაქმებულებში 50.8% შეადგინა, რაც 2.5%-ით არის გაზრდილი წინა წელთან შედარებით. უმუშევრობის დონე შემცირებულია თბილისის, აჭარის, იმერეთის და გურიის რეგიონებში. თბილისში, სადაც უმუშევრობის დონის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, ეს პუნქტი 5.9%-ით არის შემცირებული, ხოლო აჭარისა და იმერეთის რეგიონებში, შესაბამისად, 1.8%-იანი და 1.6%-იანი მაჩვენებლით. უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად გაზრდილია სამეგრელო-ზემო სვანეთის (3.3%) და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში (1.9%).