საქართველოს მიგრაციის სამთავრობო კომისია საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

2018

თუ საზღვარგარეთ წასვლას აპირებთ, გამგზავრებამდე აუცილებლად შეამოწმეთ შემოთავაზებული სასწავლო პროგრამისა თუ სამუშაოს ნამდვილობა და მიიღეთ უსაფრთხოების ზომები. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ უცხო ქვეყანაში არალეგალურად გამგზავრება კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა და სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

როგორც კომისიაში განმარატვენ, აუცილებელია მოქალაქემ გადაამოწმოს ორგანიზაციები, რომლებიც მას სთავზობს დახმარებას საზღვარგარეთ დასაქმებაში, სწავლაში, სტაჟირებაში ან საცხოვრებლად გადასვლაში.

„ვიზის მისაღებად პირადად მიმართეთ დანიშნულების ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას; ნუ გადასცემთ თქვენს პასპორტს ან პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს სხვას; წინასწარ გადაამოწმეთ დამსაქმებლის მიერ შემოთავაზებული სამუშაოს პირობები. მოითხოვეთ თქვენი დამსაქმებლის ან სასწავლებლის საკონტაქტო მონაცემები.

გაითვალისწინეთ, რომ თქვენი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას მხოლოდ კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე შეძლებთ. არ დათანხმდეთ მუშაობის დაწყებას შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე”- ნათქვამია ინფორმაციაში.

არალეგალური მიგრაციის ძირითადი გზებია: ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), საზღვრის უკანონო კვეთა, ადამიანის საზღვარზე უკანონოდ გადაყვანა და ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად ყოფნის ვადის ამოწურვის შემდგომ დარჩენა. კრიმინალური დაჯგუფებები ხშირად ბოროტად სარგებლობენ ამით და წლების განმავლობაში აიძულებენ ასეთ მიგრანტებს, ანაზღაურების გარეშე იმუშაონ და ასე დაფარონ მათი მგზავრობისთვის გაწეული ხარჯი.

ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) მონობის თანამედროვე ფორმაა, რომელშიც ადამიანების ჩათრევა მოტყუების, ძალადობის, მუქარის ან იძულების სხვა ფორმით ხდება. ტრეფიკინგის დროს ადამიანებს ეზღუდებათ დამოუკიდებლობა, თავისუფალი გადაადგილებისა და არჩევნის უფლება და ხდებიან ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი.

ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა მასშტაბებით მეორე დანაშაულებრივი ინდუსტრიაა მსოფლიოში და მსხვილი საერთაშორისო კრიმინალური ქსელების მიერ იმართება. დღეისათვის განვითარებულ ქვეყნებში გამკაცრებული საიმიგრაციო პოლიტიკისა და საზღვრის მონიტორინგის გაუმჯობესებული ტექნოლოგიების გამო, არალეგალური მიგრანტების მზარდი ნაწილი ხდება მსგავსი კრიმინალური დაჯგუფებების მსხვერპლი” – განმარტავენ მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიაში.

მათივე ცნობით, იმ შემთხვევაშიც, თუ მიგრანტი ლეგალურად იმყოფება უცხო ქვეყანაში და გადაწყვეტილი აქვს იქ ხანგრძლივად დარჩენა, უნდა გაითვალისწინოს, რომ მისი ვიზის ან ბინადრობის ნებართვის ვადის გასვლასთან ერთად მისი სამართლებრივი სტატუსი ლეგალურიდან არალეგალურზე იცვლება. არალეგალურ სტატუსს კი თან ახლავს ფიზიკურ უსაფრთხოებასა და პირად თავისუფლებასთან დაკავშირებული გაზრდილი რისკები; ამასთან ერთად, არალეგალურად მყოფნი ვერ სარგებლობენ ჯანდაცვის, განათლებისა და იმ სხვა საზოგადოებრივი/სოციალური მომსახურებებით, რომელიც ხელმისაწვდომია ლეგალურად მყოფი პირებისთვის. აღნიშნულის თავიდან აცილების ერთადერთი გზა ლეგალური სტატუსის შენარჩუნება და ლეგალური მიგრაციაა.