საქართველოს მოქალაქეებმა 2018 წლის პირველ ნახევარში საზღვარგარეთ 232 მილიონი დოლარი დახარჯეს

262

საქართველოს მოქალაქეებმა 2018 წლის პირველ ნახევარში საზღვარგარეთ $232 მილიონი დახარჯეს. ეს თანხა რეკორდულად მაღალია და ის 2017 წლის პირველი ორი კვარტლის ჯამურ მაჩვენებელს დაახლოებით 21%-ით აღემატება.
ქართველთა მიერ უცხოეთში დახარჯული თანხა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საგადასხდელო ბალანსის სტატისტიკის შესადგენად დათვალა.
ტურიზმის ასეთ სწრაფ განვითარებას ხელს უწყობს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია, რომლის შედეგადაც საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში შესვლა მნიშვნელოვნად გაუმარტივდათ.
ეროვნული ბანკი საქართველოში გაცამული საბანკო ბარათებით უცხოეთში განხორციელებული ოპერაციების რაოდენობასაც აღრიცხავს. 2018 წლის რვა თვეში ქართული ბარათებით უცხოეთში 1 მილიარდი ლარის მოცულობის ($375 მლნ დოლარის) ოპერაციების შესრულდა, რაც ასევე რეკორდულად მაღალია და 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 32%-ით აღემატება. თუმცა, საბანკო ბარათებით განხორციელებული ოპერაციები მთლიან ტურისტულ ხარჯებს არ წარმოადგენს.

რაც შეეხება უცხოელების მიერ საქართველოში დახარჯულ თანხას, ის 2018 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით $1.3 მილიარდს შეადგენს და ის 2017 წლის მაჩვენებელს 28.9%-ით აღემატება.

სტატისტიკის მიხედვით, 2002 წლის შემდგომ, ქართველთა მიერ უცხოეთში დახარჯული თანხა დაახლოებით გახუთმაგებულია.
ეროვნული ბანკი 2018 წლის მესამე კვარტალში ქართველთა ტურისტულ ხარჯებს წლის ბოლოს გამოაქვეყნებს.

ავტორი: შოთა ტყეშელაშვილი
http://www.bm.ge