საქართველოს პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო

1130

საქართველოს პარლამენტმა 21 ივლისს მესამე მოსმენით მიიღო„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტი რომელიც საპენსიო რეფორმის შემადგენელია ნაწილია. კანონი პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ ამოქმედდება.

სისტემა ნაწილობრივ სავალდებულო პრინციპით მოქმედებს. 40 წელზე უფროსებს არჩევანი ექნებათ, გაწევრიანდნენ თუ არა სისტემაში, 40 წლამდე პირებს კი, დაზოგვის ვალდებულება გაუჩნდებათ.

კანონპროექტის თანახმად, პენსია შემდეგნაირად დაგროვდება დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიურად დაუბეგრავი ხელფასის 6 % გროვდება, აქედან :

  • 2 % დასაქმებულს ხელფასიდან აკლდება,
  • 2 % დამსაქმებელი იხდის, დარჩენილ 
  • 2 % კი – სახელმწიფო.

დაგროვებითი საპენსიო სქემის ადმინისტრირებისა და მართვის მიზნით შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი საპენსიო სააგენტო, რომელიც ფონდში დაგროვებული ფულის ბრუნვით მიღებული სარგებელით დაფინანსდება.

ინტერნეტ პორტალი on.ge  – ს მაგალითი

როგორ დაგროვდება თანხა საპენსიო ფონდში?

წარმოვიდგინოთ, რომ თქვენი დაუბეგრავი ხელფასი არის 1 000 ლარი, საშემოსავლოს ჩამოჭრის შემდეგ 800 ლარს აიღებთ. დაუბეგრავი ხელფასის 4-პროცენტიანი შენატანი, რომელიც დამსაქმებელმა და დასაქმებულმა უნდა გააკეთონ, 40 ლარია. ეს თანხა, შესაძლოა, თქვენს ხელზე ასაღებ ხელფასს მოაკლდეს, 800 ლარის ნაცვლად კი 760 აიღოთ.

შესაძლოა, რომ დამსაქმებელმა ორი პროცენტი თვითონ გადაიხადოს, ხოლო ორი პროცენტი დასაქმებულს ჩამოაჭრას ხელფასიდან, ამ შემთხვევაში თქვენი ხელფასი 780 ლარი იქნება.

სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, დამსაქმებელმა დაუბეგრავი ხელფასი მოგიმატოთ, რათა ხელზე იგივე თანხა აიღოთ. 1 000 ლარის შემთხვევაში, მისი ხარჯი 5,26 პროცენტით გაიზრდება, ანუ მისი ხარჯი 52,6 ლარით მოიმატებს.

მსგავსი შენატანი კეთდება იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებულის წლიური დაუბეგრავი შემოსავალი 60 ათას ლარს არ აჭარბებს. თვითდასაქმებული ადამიანი პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში თავად რიცხავს შემოსავლის 4 პროცენტს. ყველა ამ შემთხვევაში, სახელმწიფო დაუბეგრავი ხელფასის 2 პროცენტს რიცხავს საპენსიო ფონდში, თუ დასაბეგრი ხელფასი 24 ათას ლარს არ აჭარბებს. 24 ათასიდან 60 ათასამდე სახელმწიფოს წილი 1 პროცენტია. 

დამსაქმებელი დაგროვებით საპენსიო სქემაში თანხის არ შეტანის შემთხვევაში პირველ ჯერზე 500 ლარით, განმეორებით შემთხვევაში კი 1 000 ლარით დაჯარიმდება.

საპენსიო სქემის განხორციელებაზე და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი იქნება საპენსიო სააგენტო. პირის გარდაცვალების შემთხვევაში დაგროვებული თანხა მემკვიდრეს გადაეცემა.